ჩოგბურთი

17:45 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ნადალი: “მოუთმენლად და სიხარულით ველი გრუნტის სეზონს”

 2014 წლის საწყისი 3 თვე რეიტინგსიის ლიდერის რაფა ნადალისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მანაკორელმა მიმდინარე სეზონში 2 ტიტული მოიპოვა და ამდენივე ფინალშიც ითამაშა. 7 აპრილიდან კი რაფა კვლავ კორტზე გავა – ჯერ ჩრდილოაფრიკის სახელმწიფო მაროკოს ქალაქ კასაბლანკას, შემდეგ კი აშშ-ის ტეხასის შტატის ჰიუსტონის შეჯიბრებებზე გამოვა. გუშინ კი ნადალმა მადრიდში ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ესპანური ბანკის Banc Sabadell-ის ელჩი გახდა. შეგახსენებთ, ეს საფინანსო ორგანიზაცია ბარსელონას საჩოგბურთო ტურნირის სატიტულო სპონსორია. 

- პირველ კითხვას მაიამის “მასტერზ1000”-ის ფინალზე გკითხავთ. თქვენი აზრით, რამდენად ლოგიკურად დასრულდა ფლორიდის შტატის შეჯიბრების გადამწყვეტი მატჩი?

- მაიამის ტურნირის ფინალში ჯოკოვიჩის დონეზე თამაში ვერ შევძელი. სერბი იმ დღეს მჯობდა და შედეგიც შესატყვისი მივიღე. თუმცა, მაიამის შეჯიბრებაზე გამოსვლა ჩემთვის პოზიტიური გახლდათ – გრუნტის სეზონის წინ ფსიქოლოგიურად კარგად მომზადების საქმეში დახმარება გამიწია. ვფიქრობ, სეზონი კარგად დავიწყე. ჯერჯერობით ჩემ თამაშს ფანტასტიკურად ვერ შევაფასებ, მაგრამ კმაყოფილი ვარ და მომატების რეზერვსაც ვგრძნობ.

- მალე თქვენთვის საყვარელ გრუნტის კორტებზე ჩასატარებელ პაექრობებში ჩაებმებით. გულშემატკივართა და სპეციალისტთა აზრით, ამ საფარზე კონკურენციას ვერავინ გაგიწევთ...

- მოუთმენლად და სიხარულით ველი გრუნტის სეზონს. ალბათ, პირველ ტურნირს გრუნტზე მონტე კარლოში ჩავატარებ, შემდეგ ბარსელონაში ვიასპარეზებ. ეს ტურნირი ჩემ კალენდარში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. გრუნტის საფარიან კორტებზე ტრადიციულად კარგად გამოვდივარ, თუმცა ეს იმას სრულებითაც არ ნიშნავს, ამჯერად წარმატება გარანტირებული მექნება. ისტორია ისტორიად, მაგრამ უწინდელი ტრიუმფები ახალ-ახალი გამარჯვებების მოპოვებაში ვერ დაგეხმარება. გაორმაგებული მონდომებით ვარჯიში მმართებს, რათა გრუნტის სეზონს კარგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მზადყოფნაში შევხვდე.

- 27 წლის ასაკში შესაძლოა ამ კითხვის დასმა უადგილოდაც კი გამოიყურებოდეს, მაგრამ მაინც დავინტერესდებით – კიდევ რამდენ ხანს აპირებთ აქტიური სპორტული კარიერის გაგრძელებას?

- ჩოგბურთის ინტენსიური თამაში სიამოვნებას მანიჭებს და ჯერჯერობით საწვრთნელი პროცესიც მოყირჭებული არ მაქვს. როდესაც ასპარეზობისა და ვარჯიშის მოტივაცია გამიქრება, საჩოგბურთო კარიერის შეწყვეტაზეც მაშინ დავფიქრდები. ცხადია, აქტიურ ჩოგბურთს განუსაზღვრელად დიდი ხნით ვერ შემოვრჩები, მაგრამ ვიმედოვნებ კიდევ ბევრი წლის განმავლობაში მაღალ დონეზე გამოსვლას შევძლებ.

- კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრს მიაღწიეთ. თუ გაქვთ კიდევ ისეთი მიზანი, რომელიც აქტიური სპორტიდან წასვლამდე უნდა აისრულოთ?

- პრაქტიკულად რაზეც ვოცნებობდი, ყველაფერი ავისრულე. ერთადეთი ტურნირი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგო, ეს წლის შემაჯამებელი მასტერზია. 

0.12668