2005 წლიდან მოყოლებული რაფა ნადალი ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ს ნახევარფინალზე ადრე არ გამოთიშია. ამასთან, 2007, 2009 და 2013 წლებში მალიორკელი კალიფორნიის შტატის შეჯიბრების ჩემპიონი გახდა. წლეულს კი ნადალი ასპარეზობას მესამე ეტაპზე უკრაინელი ოლეკსანდრ დოლგოპოლოვთან მარცხის შემდეგ ჩამოშორდა. არადა, ორიოდე კვირის წინათ რაფამ რიო დე ჟანეიროს ტურნირის ფინალში სწორედ დოლგოპოლოვს მოუგო. უკრაინელთან წაგებული ორთაბრძოლის შემდეგ ნადალმა ჟურნალისტებს ბლიც-ინტერვიუ მისცა.
- მაყურებლებისა და სპეციალისტების აზრით ინდიან უელსში მძიმედ ითამაშეთ და საკუთარი შესაძლებლობების ნახევარიც ვერ გამოავლინეთ...
- ტურნირის სტარტიდანვე საკუთარ თამაშს ვერ მივაგენი. ამასთან, ისეთი მოწინააღმდეგეები შემხვდნენ, რომლებმაც საასპარეზო რიტმის მიგნებაში ხელი შემიშალეს. პირველ მატჩში, რადეკ შტეპანეკის წინააღმდეგ პაექრობისას, მდგომარეობის ხსნა მოვახერხე, ამჯერადაც ანალოგიურთან ახლოს ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ მაინც დოლგოპოლოვმა იმარჯვა. ვულოცავ მეტოქეს მოგებას. დღეს მან მაჯობა, მე კი მაიამის ტურნირისთვის სათანადოდ მომზადება მმართებს.
- შარშან ინდიან უელსში მიღწეული ტრიუმფის შემდეგ წლევანდელი უიღბლო გამოსვლა თქვენთვის მოულოდნელობად არ იქცა?
- ინდიან უელსის “მასტერზ1000” ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი შეჯიბრებაა და სამწუხაროა, აქაურ მაყურებელს კარგი თამაში რომ ვერ ვუჩვენე. ერთიცაა – ძალიან ძნელია ყოველკვირეულად ფინალამდე გააღწიო.
- თქვენი მარცხი ზურგის ტრავმით ხომ არაა გამოწვეული?
- დაივიწყეთ ჩემი ზურგი – თავს კარგად ვგრძნობ. დოლგოპოლოვთან მატჩის მსვლელობისას ბექჰენდისა და ფორჰენდის პრობლემები მქონდა და არა ზურგისა. მაიამის შეჯიბრების სტარტამდე ფიზიკური და ფსიქოლოგიური წონასწორობის აღსადგენად რამდენიმე დღე მაქვს განკარგულებაში და ვფიქრობ, ფლორიდის შტატში უკეთ გამოვალ.