მონრეალის “მასტერზ1000”-ის ფინალში გამარჯვების შემდეგ რაფა ნადალმა ზედიზედ 15-ე მატჩი მოიგო ჰარდსაფარიან კორტზე. 27 წლის მალიორკელისთვის ეს ყველაზე ხანგრძლივი წარმატებული სერიაა ამგვარი საფარის მქონე კორტზე ასპარეზობისას. კანადის კვებეკის შტატში მიღწეული ტრიუმფის შემდეგ რეიტინგსიაში მესამე პოზიციამდე დაწინაურებული ნადალი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და მათ კითხვებს უპასუხა. რაფას ინტერვიუმდე კი მოგახსენებთ, რომ მან წლეულს მეათე ფინალი ითამაშა და ამ გადამწყვეტი მატჩებიდან რვაში იმარჯვა, ამჟამად კი აშშ-ს ოჰაიოს შტატის ცინცინატიში იმყოფება, სადაც პირველი წინასატურნირო ვარჯიში ქარსა და შიგადაშიგ შტორმის პირობებში ჩაატარა.
- მონრეალის შეჯიბრების ნახევარფინალში მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეთ. კლასიფიკაციის ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს სამსეტიანი დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ სძლიეთ. რამდენად წონადია თქვენთვის ეს მოგება სატურნირო და ფსიქოლოგიური ასპექტით?
- სერბთან მატჩის წინ მომავალი დაპირისპირების ანალიზი გავაკეთე და მივხვდი, რომ ნოვაკის დამარცხების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში მექნებოდა, თუკი საკუთარი შესაძლობლობების მეტ-ნაკლებად სრულად გამოვლენას მოვახერხებდი. საამისოდ კი აგრესიული თამაშის ჩვენება მმართებდა. სხვაგვარად ამ საფარზე წარმატების მიღწევა ჩემთვის შეუძლებელია. საბედნიეროდ, მატჩისწინ დასახული გეგმა სათანადოდ შევასრულე, ამასთან მთელი შეხვედრის განმავლობაში კარგად ვაწოდებდი, ვცდილობდი პირველივე შესაძლობლობის შემთხვევაში ბადესთან გავსულიყავი და ასე მომეპოვებინა ქულები.
- ნახევარფინალისგან განსხვავებით, გადამწყვეტ მატჩში მილოშ რაონიჩის დამარცხება იოლად მოახერხეთ. კანადელს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმეთ...
- იოლი მოგება ერთი შეხედვით ჩანს. მონრეალის ტურნირზე მთავარი პრიზის მოპოვებისთვის მონდომების მაქსიმუმის ჩვენებაა აუცილებელი. ფინალს რაც შეეხება, მას განცალკევებით გამორჩევას არ ვაპირებ. ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგე და ძალიანაც კმაყოფილი ვარ. თუკი კონკრეტულად გადამწყვეტ მატჩზე მაინც ვისაუბრებთ, რაონიჩმა ზომაზე მეტი შეცდომა დაუშვა, მე კი პრაქტიკულად ყველაფერი გამომდიოდა. განსაკუთრებით ბურთის მიღებით ვარ კმაყოფილი. ფინალის საკვანძო მომენტებში კანადელის პირველი მოწოდება რამდენჯერმე კარგად მივიღე, რამაც დიდწილად განაპირობა მატჩის ბედი. კონკრეტულად რაონიჩს რაც შეეხება, იგი კლასიფიკაციის პირველ ათეულში შევიდა, ახალგაზრდა მოთამაშეა და ვფიქრობ, სამომავლოდ უფრო მაღალ დონეზე თამაშსაც შეძლებს.
- მონრეალის შეჯიბრების ფინალის დასრულების შემდეგ განაცხადეთ, რომ თქვენი მიზანი რეიტინგში დაწინაურებაა. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ამის ასრულება უკვე მიმდინარე სეზონშივე?
- კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა მაქვს, რადგანაც გასული სეზონის მეორე ნახევარი ტრავმის გამო გამოვტოვე. თუმცა ისიცაა, რომ ჰარდსაფარიან კორტებზე ჯოკოვიჩი ძლიერად თამაშობს. წინ 3 “მასტერზ1000”, ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობა და წლის შემაჯამებელი ტურნირი გველის. ამ შეჯიბრებებზე 6500 სარეიტინგო ქულა გათამაშდება. მაქსიმალური მონდომება მმართებს, რათა კვლავინდებურად კლასიფიკაციის პირველი ნომერი ჩოგანი გავხდე. ამჟამად 8 ათასამდე ქულა მაქვს და ჩემი ამოცანაა, 10 ათასს ავცდე. 2 ათას ქულაზე მეტი უნდა მოვიპოვო, რაც რთული ამოცანაა, მაგრამ მის შესასრულებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებ.