ჩოგბურთი

14:06 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ნადალი: “კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ვატარებ”

ესპანელი რაფა ნადალი ამჟამად პეკინში ასპარეზობს და ჩინეთის დედაქალაქის საჩოგბურთო შეჯიბრების სასტარტო მატჩში კოლუმბიელ სანტიაგო ხირალდოს ბარიერი უპრობლემოდ დაძლია. ამ დაპირისპირების შემდეგ 27 წლის მალიორკელი ჟურნალისტებს შეხვდა და რეიტინგსიაში დაწინაურების რეალურ პერსპექტივაზე ისაუბრა.

- პეკინის ტურნირში ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში მსოფლიო რეიტინგში პირველ პოზიციაზე დაბრუნდებით. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის კლასიფიკაციის ლიდერობა?

- ჩინეთის დედაქალაქის შეჯიბრების დაწყებამდე არცკი ვიცოდი, რომ პეკინში ნახევარფინალში გასვლა სალიდერო საფეხურზე დამაბრუნებდა. ეს თქვენგან, ჟურნალისტებისგან შევიტყვე. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია მოგახსენოთ – თუკი ბოლო თვეების განმავლობაში ნაჩვენებ თამაშს სამომავლოდაც შევძლებ, რეიტინგში პირველ ადგილზე აუცილებლად გადავინაცვლებ. შემდგომში კი სალიდერო პოზიციის შეძლებისდაგვარად დიდი ხნით შენარჩუნებას შევეცდები.

- დიდი სლემის ტურნირები 13-ჯერ გაქვთ მოგებული. რამდენად რეალურად მიიჩნევთ, მეიჯორებზე გამარჯვებების მაჩვენებლით როჯერ ფედერერს დაეწიოთ?

- 27 წლის ვარ და იმაზე მეტი საჩოგბურთო ოცნება ავიხდინე, რასაც კარიერის დასაწყისში წარმოვიდენდი. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დაგპირდეთ – უფრო მეტს ვიშრომებ, რათა საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი დავრჩე და გულშემატკივრებიც გავახარო. თუკი ჯანმრთელობამაც ხელი შემიწყო, უახლოესი 4 სეზონის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან შეჯიბრებას აუცილებლად მოვიგებ. ცხადია, ამ ტურნირებში დიდი სლემის ასპარეზობებსაც ვგულისხმობ. ამასთან, ისიც კარგად მესმის, რომ როჯერის დაწევა მეტად რთული საქმეა. ვერ გეტყვით, მოვახერხებ თუ არა მისი მაჩვენებლის გაუმჯობესებას. საამისოდ დიდძალი შრომა და კორტზე ენერგიის ბოლომდე დახარჯვა მომიწევს.

- სეზონი ჯერჯერობით დასრულებული არაა, თუმცა წლის მიწურულს მისი შეჯამება უკვე შეიძლება...

- მიუხედავად იმისა, სეზონი გვიან რომ დავიწყე, მისი მსვლელობითა და საკუთარი თამაშით მეტად კმაყოფილი ვარ. კარიერის განმავლობაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ვატარებ.  ამიტომაცაა რეიტინგში წინ რომ წავიწიე და პირველ პოზიციამდე დაწინაურების რეალური შანსი გამიჩნდა.

0.160572