ჩოგბურთი

22:41 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ნადალი: “აუცილებლად შევეცდები კლასიფიკაციის ლიდერობის დაბრუნებას”

 ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის სტარტის წინ ამ სადიდსლემო შეჯიბრების ერთ-ერთმა ფავორიტმა რაფა ნადალმა ინტერვიუ მისცა Sports Illustrated-ს. მალიორკელმა პოპულარულ გამოცემასთან საუბრისას საკუთარ შანსსა და კლასიფიკაციაში პირველ საფეხურზე დაბრუნების პერსპექტივაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ღია ჩემპიონატის საწყის ეტაპზე ნადალი კორტის მასპინძელ რაიან ჰარისონს შეხვდება.

 - აშშ-ის ღია ჩემპიონატს შარშან მხოლოდ ტელევიზორის მეშვეობით მიადევნეთ თვალი, წლეულს კი სეზონის ბოლო სადიდსლემო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებით...

- ამერიკის პირველობა ფანტასტიკური ტურნირია და ასეთ ბრწყინვალე ქალაქში ჩამოსვლაც ყოველთვის დიდ სიამოვნებას მგვრის. ნიუ იორკის ასპარეზობის შემდეგ ჩოგბურთი ყოველთვის წინ მიდის ხოლმე და ეჭვიც არ მეპრება, ამჯერადაც ასე იქნება. მოხარული ვარ, ამ კორტებზე თამაშის საშუალება კიდევ ერთხელ რომ მომეცა.

- ნიუ იორკში გამარჯვებისთვის იბრძოლებთ?

- ვთვლი, რომ საჩემპიონო შანსი მაქვს. ყველა მატჩში მხოლოდ მოსაგებად გავალ კორტზე და ყოველმხრივ შევეცდები, მაყურებელს საუკეთესო ჩოგბურთი ვუჩვენო. მიუხედავად იმისა, საბრძოლველად განწყობილი რომ ვარ, არც მარცხისგან ვარ დაზღვეული. შესაძლებლობების 100 პროცენტით გამოვლენას ვაპირებ, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებთან კონკურენციისთვის მზად გახლავართ, დანარჩენს უშუალოდ შეხვედრები გვიჩვენებენ.

- მონრეალისა და ცინცინატის “მასტერზ1000”-ების დარად, ნიუ იორკშიც აგრესიულ სტილში ითამაშებთ?

- როდესაც კარგ ფორმაში ვარ, აგრესიულ მანერაში ასპარეზობას ვანიჭებ უპირატესობას. ამერიკის ღია პირველობაზეც ასე იქნება. წინასატურნიროდ მიზანმიმართულად ბევრი ვიმუშავე, რათა ჩემი თამაში კიდევ უფრო აგრესიული გამეხადა. უფრო ხშირად გავალ ბადესთან, ბურთსაც მეტი ენერგიით დავარტყამ.

- ბევრისთვის ჰარდსაფარიან კორტზე თქვენი ესოდენ წარმატებული გამოსვლა მოულოდნელი აღმოჩნდა...

- ამაში მოულოდნელს ვერაფერს ვხედავ – ჰარდზე მაღალი შედეგისთვის ადრეც მიმიღწევია. ჩოგბურთში ერთი ხელის მოსმით არაფერი ხდება და ჩემ ბოლოდროინდელ წარმატებებს ინტენსიური მუშაობა უძღვის წინ.

- ზედიზედ 2 “მასტერზ1000”-ის მოგების შემდეგ მსოფლიო კლასიფიკაციაში მეორე პოზიციამდე აიწიეთ. მიზნად რეიტინგსიის ლიდერობას გეგმავთ?

- რეიტინგის ლიდერობისთვის ბრძოლაში აშშ-ის მომავალ ღია პირველობას დიდ მნიშვნელობა ენიჭება. კარგ სეზონს ვატარებ და მშვენიერ ფორმაშიც ვარ, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონობა და 2000 სარეიტინგო ქულა გარანტირებული მაქვს. აუცილებლად შევეცდები კლასიფიკაციის ლიდერობის დაბრუნებას, თუმცა, ეს ჩემი უმთავრესი მიზანი არაა. მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და კორტზე რეგულარულად გასვლა შევძლო. თუკი, რეიტინგში პირველ ადგილამდე დავწინაურდი, მაგას რა აჯობებს, მაგრამ არც წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლი მიმდინარე სეზონს წარუმატებლად.

0.115437