ჩოგბურთი

10:34 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფა კორტს ასტანაში უბრუნდება

 მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერმა რაფა ნადალმა გუშინ მშობლიურ მალიორკაზე იუნიორთა ტურნირის რაფა Nadal Tour-ის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ამ შეჯიბრების ორგანიზატორები სადაზღვევო კომპანია Mapfre და ნადალის საქველმოქმედო ფონდი არიან. “მოხარული ვარ, ესოდენ დიდი ნიჭის მოთამაშეები რომ გავიცანი. მათი შემდგომი წარმატების მჯერა და ვუსურვებ, ჩოგბურთისა და წვრთნის სიყვარული არ განელებოდეთ. მჯერა, ამ გოგო-ბიჭებს წინ დიდი სპორტული მომავალი ელით”, - განაცხადა რაფამ.

ამასობაში, ხელის ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნადალი კორტს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ხვალ, 25 სექტემბერს დაუბრუნდება. სამთვიანი პაუზის შემდეგ რაფა საგამოფენო მატჩში ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას გაეჯიბრება, შემდეგ კი პეკინისა და შანხაის ტურნირებში იასპარეზებს.

“დიდხნიანი უქმობის შემდეგ საშეჯიბრო რიტმში ჩაჯდომა რთულია. თუმცა, მთავარი ისაა, სათანადო დონეზე საასპარეზოდ მზად რომ ვარ. ვარჯიშისას ხელის ტკივილი თავიდან თავს მახსენებს, მაგრამ “გახურების” შემდეგ დისკომფორტს არ ვგრძნობ. ჩინეთის შეჯიბრებებს რაც შეეხება, მათ ბაზელის, პარიზისა და ლონდონის ტურნირებისთვის კარგად მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავ. შევეცდები, წლის დარჩენილ ასპარეზობებზე კარგად გამოვიდე და შეძლებისდაგვარად მეტი სარეიტინგო ქულა დავაგროვო”, - ნადალი მომავალ მატჩებს იმედიანად ხვდება.

0.134249