რაფა ბენიტესს “ვალენსიაში”, “ლივერპულში”, “ინტერსა” და “ჩელსიში” მუშაობის პერიოდში როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო ტიტულები აქვს მოგებული. ბენიტესის “ნაპოლიში” მისვლის შემდეგ ნეაპოლელი გულშემატკივრები საყვარელი გუნდისგან კიდევ უფრო მეტი წარმატებით გამოსვლას ელიან.
- თანამედროვე მწვრთნელთაგან მატჩების მსვლელობის დროს ქცევის მანერით განსხვავდებით. თქვენ სიმშვიდეს ინარჩუნებთ და მოთამაშეებს ხმამაღალ შენიშვნებსაც არ აძლევთ. შესაძლებელია თანამედროვე ფეხბურთში სახეზე ღიმილით გამარჯვების მოპოვება?
- წინააღმდეგ შემთხვევაში სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 10 ტიტულს ვერ მოვიგებდი. გამოდის მშვიდად ყოფნის შემთხვევაშიც ბევრის მიღწევაა შესაძლებელი. შეხვედრის მსვლელობისას ხანდახან ვცოფდები, მაგრამ ამას ვერავინ ამჩნევს – დაუშვებელია, მწვრთნელმა წონასწორობა დაკარგოს და ემოციას აჰყვეს. მოწინააღმდეგის პატივისცემა და კარგი აღზრდა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.
- ძალიან განსხვავდებით მაცარისა და კონტესგან. რომელ მწვრთნელებს მიიჩნევთ თქვენ პროტოტიპებად?
- არავის. რაფა ბენიტესი ყველასგან განსხვავებულია. თავის დროზე ბევრი რამ ავიღე დელ ბოსკესგან, საკისა და მატურანასგან, მაგრამ საკუთარი ინდივიდუალობა არასდროს დამიკარგავს.
- როგორ აპირებთ ტურინის “იუვენტუსის” ძლევას, რომელიც ტევესითა და ლიორენტეთი გაძლიერდა?
- 2005 წელს “ლივერპულთან” ერთად “ბებერი ქალბატონი” დამარცხებული მყავს. ცხადია, ამჟამად უპრატესობა “იუვენტუსის” მხარესაა, სერია A-ში სხვა ძლიერი გუნდებიც საკმარისად არიან, მაგრამ “ნაპოლის” თავისი გზა აქვს და არავისი გვეშინია. მომავალ სეზონში “იუვე” კიდევ უფრო გაძლიერდება, თუმცა, არც “ნაპოლი” ტკეპნის ერთ ადგილს.
- ამ ზაფხულს ყველაზე სწორი სატრანსფერო პოლიტიკა რომელმა კლუბმა გაატარა?
- “მილანი” გარკვეულ დონეს ინარჩუნებს, “რომას” ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, გამოსარჩევია “ლაციოს” ორგანიზებულობა, მარიო გომესის ყიდვის შემდეგ “ფიორენტინამ” მაღალი მიზნების გადაჭრა დაისახა მიზნად.
- თქვენი აზრით, იტალიურ ფეხბურთს რა უპირატესობა და ხარვეზები აქვს?
- იტალიელი სპეციალისტებისგან არიგო საკისგან, ფაბიო კაპელოსა და კლაუდიო რანიერისგან მწვრთნელისთვის აუცილებელი მომენტები ავითვისე, სადღეისოდ კი იტალიურ ფეხბურთს განვითარება და წინსვლა სჭირდება. ამაში უპირველესად ინფრასტრუქტურას ვგულისხმობ. კარგად მახსოვს მარკო დი ვაიოს ინტერვიუ, რომელშიც იგი სტადიონებზე ოჯახებით სიარულის აუცილებლობაზე საუბრობდა. ამ მხრივ ნეაპოლი და “სან პაოლო” გამორჩეულია და პოზიტიურ მაგალითს იძლევა.
- თქვენ მიერ გაწვრთნილი გუნდები მატჩის მსვლელობისას აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებენ. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ “ნაპოლი” “ბარსელონას” დაემსგავსება?
- სეზონის მსვლელობისას ისეთ გუნდებთანაც მოგვიწევს დაპირისპირება, რომლებიც საკუთარ საჯარიმო მოედანთან ჩაიკეტებიან. ასეთ მეტოქეებთან თამაშისას ძალაუნებურად ბურთის დაჭერა და ბევრსვლიანი კომბინაციების გათამაშება მოგვიწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასარტყმელ დისტანციაზე მეტოქის კარს ვერ მიუახლოვდები. ამასთან, “ნაპოლი” კონტრშეტევებითაცაა გამორჩეული და არსენალიდან ამ ელემენტის ამოღებას სულაც არ ვაპირებთ.
- გუნდის ახალწვეულები უცხოელები არიან. რით აიხსნება ეს ამბავი?
- საჭირო ფეხბურთელებს შესაფერისი სატრანსფერო თანხის მიხედვით ვარჩევთ. ამ შემთხვევაში ეროვნებას ყურადღებას არ ვაქცევთ. ამასთან, ევროთასზე წარმატებით გამოსვლა გვსურს, ამიტომაც საერთაშორისო დონის ფეხბურთელების დამატება აუცილებელია.
- გონსალო იგუაინის გადაბირების შემდეგ ნეაპოლში მადრიდელთა კოლონია ჩამოყალიბდება...
- მადრიდის “რეალის” სკოლაგამოვლილ ფეხბურთელები “ნაპოლის” დიდ სარგებლობას მოუტანენ. ალბიოლის, კალიეხონისა და იგუაინის დამატებით ჩვენი გუნდი გაძლიერდება.
- მარეკ ჰამშიკის სახით სტივენ ჯერარდი და ფრენკ ლამპარდი გყავთ?
- მარეკს მათი დონის მიღწევა შეუძლია. ჰამშიკი მაღალი კლასის პროფესიონალია, ახალ-ახალ გამარჯვებებზე ოცნებობს და თამაშის მომატების რეზერვიც გააჩნია.
- საკუთარ ამბიციას არასდროს მალავთ – რამდენად რეალურია “ნაპოლის” მიერ სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება?
- ამის განხორციელება წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ რწმენით, ბევრი მუშაობით, ფეხბურთის სიყვარულით და დასახული მიზნისადმი ჯიუტი სვლით ფეხბურთში ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.