რა მოხდებოდა ქართველები ცოტა, სულ ცოტა ხანი მაინც რომ ვიყოთ ბოსნიელთა ადგილას და ბოსნია-ჰერცეგოვინას მკვიდრთა დარად, ვგრძნობდეთ იმ სიამაყესა და სიამაყოს თანმხლებ სიამოვნებას, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლამ შეიძლება მიანიჭოს ადამიანებს. რა მოხდებოდა, სულ რამდენიმე წუთით მაინც შევიგრძნოთ, თუ რას ნიშნავს თვეებისა და დღეების თვლა მსოფლიოს ჩემპიონატამდე არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგადად ფეხბურთი გიყვარს, არამედ უპირველესად იმიტომ, რომ პლანეტის რჩეულ 32 გუნდს შორის შენი არცთუ მდიდარი, მაგრამ ამაყი ქვეყნის ნაკრებიც მონაწილეობს...
რა მოხდებოდა, ერთ დღესაც რომ გავიღვიძოთ და აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი მწარე რეალობა მხოლოდ სიზმარი იყო და ქართველებს ერთმანეთის დაჭმაზე უკეთ ბურთის გორება შეგვიძლია. რომ, სუფრის იქითაც ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და რომ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე სიარული უფრო დიდი საქმეა, ვიდრე ლაყაფით ენის მოქავება და არაფრის მომცემი “ექსპერტობა”.
რა მოხდებოდა, ბალტიისპირელების მსგავსად თავის დროზე ჩვენც შეგვენარჩუნებინა სპორტული ინფრასტრუქტურა და გასული საუკუნის 90-იან წლებში სტადიონებიდან ჯართისა და ფერადი ლითონების გაზიდვის ნაცვლად, მათ განახლებაზე და გათანამედროვეობაზე გევეფიქრა. ხომ შეიძლებოდა, რომ გვესწავლა ღირსეული დამოკიდებულებები თუნდაც ნაკრების მწვრთნელის მიმართ და თუნდაც მწვრთნელს ესწავლა როგორ უნდა მოქცეოდა (თუნდაც ყველაზე უგვანო და შტერ) ჟურნალისტს. რა მოხდებოდა მწვრთნელთა და ფეხბურთელთა ქებისა და გინების გარდა მოგვეძებნა რაიმე უფრო სხვა, ღირსეული და სამართლიანი ურთიერთობის საშუალება, რომელიც აგებული იქნებოდა მხოლოდ კეთილ სურვილებზე და არამც და არამც არ იქნებოდა ნაკარნახევი ვინმეს ნაცვლად სხვა პირის დანიშვნის პოლიტიკურ-მერკანტილური სურვილებით.
არაფერი დაშავდებოდა, ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოსა და ბიზნესმენებს იმდენი მაინც მოეხერხებინათ, რომ ბავშვებისათვის ყველა გუნდში თამაში უფასო რომ ყოფილიყო და ბავშვთა მწვრთნელთა სახელფასო ანაზღაურება სპეციალური ფონდის, ანდა სულაც სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრებით რომ მომხდარიყო. დღეს, როდესაც სახელმწიფო ათასი ჯურის არაფრისმომტან კინოფესტივალებსა და ”ტანკლი-ტუნკლი” ღონისძიებებს აფინანსებს (რომლებიც მთლიანობაში არავის სჭირდება) უდავოდ გაგიჩნდება პროტესტის გრძნობა და სურვილი, რომ ამ ფულით ნამდვილად შეიძლებოდა ისეთი კარგი რამის გაკეთება, როგორც მაგალითად ბავშვების მშობლების ფეხბურთის გადასახადისაგან გათავისუფლებაა. რამდენი ნიჭიერი ბავშვი მივიდოდა ფეხბურთზე, რამდენი ასცდებოდა ქუჩასა და ამაზრზენ ძველბიჭურ სისულელეებს, რამდენი ”დაავადდებოდა” ფეხბურთით და რამდენი გახდებოდა ამ ბავშვებიდან კარგი ფეხბურთელი, ანდა სულაც კარგი გულშემატკივარი...
რა მოხდებოდა, ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო ერთმანეთისათვის აუგის თქმაზე კი არა, ერთად საქმის კეთებაზე ფიქრობდნენ და როყიო პოლიტიკური გამონათქვემების ნაცვლად, ერთმანეთი მაშინ აკრიტიკონ, როდესაც კარგის გაკეთება-არგაკეთებაზე მიდგება საქმე. მართლაც რომ ძალიან მაზალო სანახავია პოლიტიკურად ანგაჟირებული სპორტული მოხელე, რომელიც კარგი პოლიტიკოსივით ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს აკეთებს მაშინ, როდესაც ქართული საფეხბურთო კლუბების ნაწილი უსახსრობით სულს ღაფავს და ნაკრებში კიდევ ისეთი სიტუაციაა, ერთი სქელტანიანი რომანი დაიწერება სათაურით: ”ცრემლთათხევაი და ტანჯვა-ვაებაი ფეხბურთის ჩვენისაი”.
რა მოხდებოდა, ქართველებმა რაღაცნაირად რომ შევძლოთ პირველ რიგში ათასგზის დაშვებული შეცდომების აღიარება და საკუთარი თავის ბრძოლაში გამოწვევა... ნეტა ეს შეგვაძლებინა!...