საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 22-25 აპრილს ვენაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე 8 სპორტსმენით გაემგზავრება. მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა რჩეულთა სია გუშინ, დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში, საღამოს ვარჯიშის დასრულებისთანავე გამოაცხადა. პირველ-სამ დღეში ევროტატამზე საქართველოს სახელით დავით ასუმბანი (60 კგ), შალვა ქარდავა (66 კგ), ზაზა კედელაშვილი (73 კგ), ლევან წიკლაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) გავლენ. ეს შვიდეული ინდივიდუალური პირველობის განაცხადშია შეყვანილი. დასკვნით, მეოთხე დღეს კი ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება და ქართულ შემადგენლობას მძიმეწონოსანი ლაშა გუჯეჯიანი დაემატება.
საქართველოს ნაკრები ევროპირველობისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას თბილისში გადის. 40-მდე ძიუდოისტი მეორე კვირაა, სასტუმრო “ბატესტაშია” დაბანაკებული და ძიუდოს აკადემიაში ვარჯიშობს. გუშინ მთავარმა მწვრთნელმა ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელზეც ჩემპიონატზე წამსვლელ შეგირდებს სპარინგ-შეხვედრები მოუწყო. საღამოს პროგრამაში ტატამზე თითქმის ყველა გავიდა, დავით ასუმბანის გარდა.
“შეუძლოდ ვგრძნობდი თავს და დატვირთვას მოვერიდე, თუმცა საგანგაშო არაფერია. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლი სრულყოფილად გავიარე და ტატამზე გასასვლელად მზად ვარ. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამორჩეული კონკურენცია და დაძაბულობაა მოსალოდნელი, რადგან მსოფლიოს მასშტაბითაც კი, ამ წონაში ძირითადად ევროპელები დომინირებენ. ეს ფაქტორი სულაც არ მაშინებს. არც ის, რომ ამ დონის ტურნირზე დებიუტი მექნება. წლევანდელი სეზონი საკმაოდ კარგად დავიწყე და ვეცდები მორიგ წარმატებას ავსტრიაში მივაღწიო” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ასუმბანმა.
ნავარჯიშევს ევროპის მოქმედმა ვერცხლის პრიზიორმა ვარლამ ლიპარტელიანმაც გააკეთა კომენტარი:
“სეზონი საკმაოდ ცუდად დავიწყე, რაც მნიშვნელოვანწილად ფსიქოლოგიური ფაქტორის ბრალი იყო. საბედნიეროდ ჩეხეთის მსოფლიოს თასზე ნავსი გავტეხე, ოქროს მედალი მოვიპოვე და ხასიათიც გამოვიკეთე. მოსამზადებელი ეტაპები სრულყოფილად გავიარე და ვგრძნობ, საჭიდაოდ მზად ვარ. დანარჩენი ჩემპიონატზე გამოჩნდება” – განაცხადა ლიპარტელიანმა.
შეგირდების მზადყოფნის შესახებ ტოტიკაშვილსაც გავესაუბრეთ. ნაკრების მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად სუნთქვის პრობლემის ვერაღმოფხვრისა, ბიჭები ევროპის ჩემპიონატზე საჭიდაოდ მზად არიან. ხოლო კითხვაზე, თუ რა შედეგს გეგმავს ევროპირველობაზე, დელიკატურად უპასუხა – მედლის სურვილი ყველა წონაში მაქვს, მაგრამ რა და როგორ იქნება, ვენის ტატამზე გამოჩნდებაო.
ოთარ მაღლაკელიძე







