ფეხბურთი

14:45 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

რა აზრი აქვს აღმასკომის ასოცირებულ წევრობას?

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 2 ივლისს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე კერძო კლუბის მეპატრონისათვის, მათ შორის საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეზიდენტ ილია კოკაიასათვის, „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების შესახებ. სფფ-ის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში გაკეთებულია განმარტება იმის თაობაზე, რომ "ასოცირებული წევრები ხმის უფლებით ვერ ისარგებლებენ, თუმცა, სხდომებსა და დებატებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ".

უნდა მოგახსენოთ იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას არაერთგზის განუცხადებია იმის შესახებ, რომ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ფედერაციის აღმასკომის შემადგენლობაში ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ინვესტორთა ფართოდ წარმოდგენა. ნაცვლად ამისა, 2 ივლისს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც კერძო კლუბების ხელმძღვანელებს ხმის არმქონე დამკვირვებლების როლი უნდა მინიჭებოდათ...

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღეს, 17 ივლისს, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა წერილობით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ზვიად სიჭინავას.

P.S. ისე, ამ წერილში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, წინადადება "ხმის უფლებით ვერ ისარგებლებენ, მაგრამ სხდომასა და დებატებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ". კოკაიას გარდა, ასოცირებულ წევრთა სიაში არიან "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე და ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე - ანუ, კერძო კლუბების ხელმძღვანელები. ახლა კითხვა ჩნდება, ამ ადამიანებს აღმასკომის ზოგიერთ წევრზე ნაკლებად შეუძლიათ საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა? საუბარია ისეთ პიროვნებებზე, რომლებიც ამა თუ იმ თემის წამოჭრისას, უბრალოდ, ხელის აწევით არ შემოიფარგლებიან და საერთოდაც, ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებში არავისზე ნაკლებად არ არიან ჩახედულნი.


0.113342