ფეხბურთი

5:00 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რა 16 უმაღლეს ლიგაში, რის 18? თვალი ფართოდ გაახილეთ

ქართულ საფეხბურთო წრეებში ბოლო პერიოდში უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდაზე აქტიურად საუბრობენ. მავანნი ისე შორს წავიდნენ, რომ 16 გუნდი არ ჰქოფნით და 18-ს ითხოვენ. ამ ხალხთან ერთი კითხვა მაქვს. თქვენ სხვა ქვეყანაში ცხოვრობთ? სხვა რეალობაში ხართ? სხვა ჩემპიონატზე და სტადიონებზე დადიხართ? (ზოგი მათგანი ეროვნული ჩემპიონატი ისე ჩაივლის, სტადიონზე არ მინახავს). იმას ვერ ხედავთ, რომ ზოგ სტადიონზე ტუალეტი და ხის ტაბლოც არაა? ნორმალურ ტრიბუნაზე და პრესლოჟაზე რომ არაფერი ვთქვათ. ზოგან პრესლოჟაა და გარეთ როგორც წვიმს ისე წვიმს შიგნითაც? სად უნდა ითამაშონ გუნდებმა? რომ საუბრობენ საფეხბურთო გეოგრაფია გაფართოვდებაო. რომელ გაფართოებაზე საუბარი, როდესაც ბოლნისის “სიონი” თბილისში თამაშობს, ხოლო მარტვილის “მერანი” სამტრედიაში? “ტორპედოსა” და მარტვილელებს სახლში მატჩების ჩატარება აუკრძალეს და ერთი მეტოქეებს “მიხეილ მესხზე” იღებს, ხოლო მეორე – მცხეთაში. “მიხეილ მესხი” აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას თუ ხსნებული არენის სათადარიგო მოედნის იმედზე უნდა იყოს 16 ან 18 გუნდი?. ქვეყანაში ერთი სტადიონი არ არსებობს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს. ამ ფონზე, თურმე გუნდების რაოდენობის გაზრდა მომავალი სეზონიდან უნდათ. თუ ფედერაციაში, სპორტის სამინისტროში ან მთავრობაში ვინმეს ჯადოსნური ჯოხი აქვს, რომლის ერთი აქნევითაც სტადიონებს ააშენებს და კლუბებს მილიონზე მეტს ჩაურიცხავს, გვანახონ ეს კაცი, რატომ მალავენ.  

როგორც ამბობენ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. რამდენიმე წლის წინ, იგივე ხალხი ანალოგიურად საუბრობდა, როდესაც ეროვნული ჩემპიონატის დებულების დარღვევით ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გუნდების რაოდენობა 10-დან 12 გაზარდეს. მაშინაც, არგუმენტი იყო რომ გეოგრაფია გაიზრდებოდა. გეოგრაფიის გაზრდის რა მოგახსენოთ, რადგან კარგად გვახსოვს თბილისში “შატილზე” და ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზა “ბასაზე”  ჩატარებული თამაშები.

სპორტის დეპარტამენტის მაშინდელ ხელმძღვანელს რომ ვუთხარი ჩემპიონატის დასრულებამდე გუნდების გაზრდა არ შეიძლება, რადგან დებულება ირღვევა-მეთქი, მიპასუხა მილიონს ვდებთ ფეხბურთში და ეგეთები დაგვირღვევიაო. სხვათა შორის, მაშინაც ფეხბურთის ფედერაციას ის ხალხი ხელმძღვანელობდა, ვინც ახლაა სათავეში. თუ ისევ ამ პრინციპით აპირებს ფედერაცია და სამინისტრო საქმიანობას, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ერთხელ და სამუდამოდ სპორტული პრინციპი დაცული ხომ უნდა იყოს.  

იმაზე საუბარს, რომ ფული იქნება და სტადიონები კეთდება, ჯერ გამოიყოს შესაბამისი თანხა, მიიღოს ყველა გუნდმა ფინანსური გარანტია, აშენდეს ან გარემონტდეს სტადიონები და მერე დადგეს გუნდების რაოდენობის გაზრდის საკითხი. ბათუმის “დინამო” უმაღლეს ლიგაში თამაშისთვის იბრძვის და სტადიონი არ აქვს, ფოთში სტადიონი გასაკეთებელია, ზუგდიდში სტადიონი არააა, მარტვილის სტადიონი სათამაშოდ არ გამოდგება, ცხინვალის “სპარტაკს” სტადიონი არ აქვს. ფედერაციაში ან კლუბებს ხომ არ დაავიწყდათ, რომ ზამთარში ეროვნული ჩემპიონატის უმრავლესი კლუბების მესვეურები როგორ იძახდნენ, არიქა სახელმწიფომ ფული თუ არ მოგვცა დავიშლებითო. ალბათ, ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ ზოგი გუნდი სეზონის დაწყებამდე ორი კვირით ადრე შეიკრიბა და  სეზონის მსვლელობისას უფინანსობის გამო თამაშზე გასვლას არ აპირებდა. რა გარანტიაა, რომ 16-გუნდიანი ან 18-გუნდიანი ფორმატისას ასეთი კლუბების რაოდენობა კიდევ უფრო არ გაზრდება. თქვე კაი ხალხო, 12 გუნდში სტადიონებზე წესრიგი და უსაფრთხოების ზომები ვერ დაგიცავთ, ხოლო 16 ან 18 გუნდის შემთხვევაში ამის გარანტია სადაა?.

ეჭვი ჩნდება, რომ გუნდების რაოდენობის გაზრდით ის კანდიდატი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობიდან პრეზიდენტობას მოისურვებს, უფრო მეტ გარანტირებულ ხმას ხომ არ მიიღებს. უმაღლესი ლიგის ყველა გუნდი ხომ ფედერაციის სუბიექტია და მათ წარმომადგენლებს არჩევნებზე ხმის უფლება აქვთ. ზოგი იმასაც ამბობს, ფეხბურთის ფედერაციის სათავეში სპორტის სამინისტროსთვის მისაღები პირი რომ იყოს, ლევან ყიფიანი გუნდების გაზრდას არ შეეწინააღმდეგებაო. რით ვერ დამთავრდა ამ საქართველოში იმის კაცობა და ამის კაცობა. ან რა არის ასეთი ეს ფეხბურთის ფედერაციის სკამი? იჯექი ხომ მასზე რამდენიმე წელიწადი, ადექი და წადი. რა მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტი იყავი, ვიცე-პრეზიდენტი თუ გენმდივანი. ხელმძღვანელი თანამდებობა ხომ გეჭირა და პასუხისმგებელი იყავი, როგორც ცუდზე, ასევე, კარგზე. მითუმეტეს, იმ პერიოდში როდესაც ცუდი მეტი ხდებოდა.

ხომ არ სჯობს ახლა იფიქრონ სამწლიანი პროგრამა, რომლის მიხედვით 100 მილიონ ლარამდე დახარჯვა იგეგმება, რა ეფექტს მოიტანს. სადაა გარანტია, რომ გუნდები მენეჯმენტს ისე ააწყობენ, სამი წლის შემდეგ სახელმწიფოს დახმარება აღარ დასჭირდებათ და საკუთარ თავს შეინახავენ. ჩემი აზრით, ქართული კლუბების უმრავლესობისთვის, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეს ფული წყალში გადაყრილი აღმოჩნდება. თუმცა, საქართველოში ხომ ხშირ შემთხვევაში დღევანდელი კვერცხია მთავარი და ბევრი ასე მსჯელობს: “კაცო დღეს ფული მივიღო და ხვალ რა იქნება რა მნიშვნელობა აქვს”. ამ მხრივ გამონაკლისი არც ფეხბურთია.

აზერბაიჯანში, სადაც გაცილებით დიდი თანხა ტრიალებს ვიდრე ქართულ ფეხბურთში, გუნდების რაოდენობა დროთა განმავლობაში 16-დან 10-მდე შეამცირეს. ხორვატიის, რომელიც ევროკავშირის წევრია და საქართველოზე შეუდარებლად გამართული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა აქვს, ფინანსურად უფრო ძლიერი კლუბები ჰყავს, ნაგომეტნი ლიგაში (უმაღლესი ლიგა) 10 გუნდი თამაშობს. დანიაში, რომელთან საქართველო ვერანაირი პარამეტრით ახლოს ვერ მივა, სუპერლიგაში 12 გუნდია. ქართველებს რა ხორვატებზე ან დანიელებზე მეტი მიღწევები გვაქვს, უფრო დიდი საფეხბურთო ტრადიციები ან უფრო მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელი გვყავდა? კიდევ რამდენი ფინანსურად წელში გამართული ქვეყანა ჩამოვთვალოთ, რომლებსაც 16-გუნდიანი ან 18-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება არც უფიქრიათ.   

ქართულ საფეხბურთო წრეებში სულ იმაზეა საუბარი, რომ ამა თუ იმ რაიონს უმაღლეს ლიგაში გუნდი თუ არ ეყოლება, იქ ფეხბურთი “მოკვდება”. რა პირველი ლიგა უპატრონო ბავშვია თუ მოძულებული გერი? ხომ არ სჯობს პირველ და მეორე ლიგებს სათანადო ყურადღება დაეთმოს და უმაღლეს ლიგაში გუნდების ხელოვნურად გაზრდას, სწორედ ხსენებული ლიგების ხარჯზე გაფართოვდეს საფეხბურთო გეოგრაფია.

სამთავრობო კომისიის წევრების უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის ქართულ ფეხბურთში არსებული ვითარება და სირაქლემას პოზიციაში ჩადგომა საჭირო არაა. უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება ადვილია, მითუმეტეს, იცი, რომ კლუბი შენი შესანახი არაა და თუ გუნდების რაოდენობის გაზრდა არ გაამართლებს, პასუხსაც არავინ მოგთხოვს.  

ცხადია, რაღაც პროექტის კრიტიკა უფრო ადვილია, ვიდრე პრობლემის რეალურად გადაწყვეტის გზების ჩვენება. ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ სამთავრობო კომისიამ პირველ ყოვლისა საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით იმუშავოს და ფული არსებული სტადიონების შესაბამის სტანდარტებამდე მიყვანამდე ან ახლის აშენებაზე დაიხარჯოს. გაცილებით უკეთესი იქნება თუ მუნიციპალიტეტები სტადიონების მოვლა-პატრონობის ხარჯს საკუთარ თავზე აიღებენ, კომუნალურ გადასახადებსა თუ იქ დასაქმებული პერსონალის ხელფასებს გაისტუმრებენ, რითაც საფეხბურთო კლუბის მეპატრონეს ხარჯებს შეუმცირებენ.

გარდა ამისა, რაიონებში საფეხბურთო სკოლების რიცხვი უნდა გაიზარდოს, რომლებსაც მუნიციპალიტეტები დააფინანსებენ. მგონი ეს სჯობს, იმას, როდესაც ე.წ. საბიუჯეტო გუნდებს დაბალი კლასის ლეგიონერები ჩამოჰყავთ ან ვეტერან ფეხბურთელებს რამდენიმე ათას ლარს აძლევენ ხელფასის სახით.

დაბოლოს, ერთხელ და სამუდამოდ თავის მოტყუება ხომ უნდა დამთავრდეს... თორემ, ჩემპიონატის დებულების შესაცვლელად ფედერაცია აღმასკომში საჭირო ხმებს ყოველთვის მოაგროვებს. მთავარია, უპასუხისმგებლო ნაბიჯზე პასუხს ვინ აგებს.

0.101597