ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია უნგრულ "უიპეშტთან" ერთად ემზადება - წერს კლუბის ოფიციალური საიტი. გუნდი შეკრებას ბელგიაში გაივლის და პირველ ტესტ-მატჩს ხვალ გამართავს "მეხელენთან". დარჩება თუ არა 20 წლის ქართველი "უიპეშტში", ეს დაახლოებით 2 კვირაში გაირკვევა.
ქვილითაიამ გასული სეზონი გორის "დილაში" გაატარა და 18 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. მანამდე, ნახევარი წელიწადი უნგრეთის "დიორშიც" გახლდათ.
"უიპეშტს" რაც შეეხება, ჩემპიონატში მე-13 ადგილი დაიკავა 16 გუნდს შორის. ზოგადად კი, დიდი ისტორიის მქონე კლუბია - უნგრეთის 20-გზის ჩემპიონი, 21-გზის მეორეადგილოსანი, 19-გზის მესამეადგილოსანი, 9-გზის თასის მფლობელი. ადრე კლუბს "უიპეშტ დოჟა" ერქვა. დიდება წარსულში დარჩა: ბოლოს 1999 წელს გახდა ჩემპიონი.