იშვიათი ფაქტი დაფიქსირდა ანტალიაში დასრულებულ 10-ათასიან ტურნირზე, რომლის ფინალშიც ორმა ქართველმა ჩოგბურთელმა – ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ ითამაშა, გამარჯვება კი ამ უკანასკნელს დარჩა.
ქვაცაბაია განთესილთა შორის არ ყოფილა, თუმცა, ფინალამდე ისე მივიდა, სეტიც არ დაუთმია. 4 გამარჯვების შემდეგ, სოფო გადამწყვეტ მატჩში მე-3 რეიტინგის მქონე გორგოძეს დაუპირისპირდა და 2:6, 6:0, 6:4 იმარჯვა.
წყვილთა ტურნირში მე-2 ნომრად განთესილი ქართველი გოგონები ნახევარფინალამდე მივიდნენ, სადაც “უაილდ ქარდის” მქონე რუმინელებთან (დასკალუ-სერბანი) 7:5, 3:6, 10:12 დამარცხდნენ.
გორგოძე და ქვაცაბაია ანტალიაში რჩებიან და მომავალ კვირაშიც 10-ათასიან ტურნირში იასპარეზებენ.