კალათბურთი

23:03 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქუთათურებმა მეტოქე დასკვნით მეოთხედში გატეხეს

ეროვნული საკალათბურთო პირველობის განახლება ქუთაისში, კინაღამ ჩაიშალა. მიზეზი ის გახლდათ, რომ “სოხუმის” კალათბურთელებს ხელფასები კარგა ხანია არ აუღიათ. ფინანსური პრობლემების გამო, გუნდს გადაწყვეტილი ჰქონდა არ ეთამაშა, მაგრამ ბოლო წამს გადაწყვეტილება შეცვალეს და იმერეთის მთავარი ქალაქისკენ აიღეს გეზი. დარბაზში მატჩის დაწყებამდე 10 წუთით ადრე გამოჩნდნენ სტუმართა კალათბურთელები. თავდაპირველად, ისინი ექვსნი იყვნენ, მთავარი მწვრთნელის გარეშე. ვაჟა კვარაცხელია და რამდენიმე სათადარიგო კალათბურთელი პირველი პერიოდის მიწურულს გამოჩნდნენ დარბაზში.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო. პირველ პერიოდში, ჯერემი სიმენსის დიდებული გარჯის წყალობით, სოხუმელები თავიანთ უპირატესობას ზრდიდნენ. მართალია, დებიუტში ორივე გუნდს გაუჭირდა გახურება და ძირითადად არაზუსტად ისროდნენ, მაგრამ პერიოდის მიწურულს მაყურებელმა კარგი სანახაობა იხილა. თუმცა, ქუთათურ გულშემატკივართა სასიამოვნოდ არ მიმდინარეობდა პაექრობა. სტუმრებმა, ამერიკელი ლეგიონერის და შვანგირაძის ზუსტი თამაშის წყალობით, მეოთხედი 27:14 მოიგეს. მეორე პერიოდის დასაწყისი ისევ სოხუმელთა დომინაციით აღინიშნა. იყო მომენტი, როდესაც მათმა უპირატესობამ 20 ქულასაც კი უწია - 37:17, მაგრამ მასპინძლები ნელნელა გონს მოეგნენ და დაიწყეს ჩამორჩენის აღმოფხვრა. რიონისპირელთაგან, უპირველესად, გიორგი ცეკვავას თამაში უნდა გამოვყოთ, რომელმაც გუნდის ლიდერობა იტვირთა და თანაგუნდელები გამოაცოცხლა. თავის მხრივ, სოხუმელთა რიგებში უნდა გამოიყოს ვახტანგ ქადარიაც, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ითამაშა, ორმაგი დუბლი შეასრულა (16 ქულა და 12 მოხსნა) და მთელი პაექრობის მანძილზე დაუღლელად მოქმედებდა. სტუმართაგან, მასზე შედეგიანი, მხოლდ სიმენსი იყო, რომელმაც 21 ქულას და 18 მოხსნას მოუყარა თავი. სოხუმელთა მოწინააღმდეგეთაგან ტრადიციულად აკაკი დვალიშვილი იყო საუკეთესო – 21 ქულა და 12 მოხსნა, ასევე საინტერესო სტატისტიკა ჰქონდა ზაურ ფაშაევს – 14 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი. მწირქულიანი მეოთხედი, მასპინძლებმა 15:13 მოიგეს და შესვენებაზე ტაბლოზე 40:29 იყო გამოსახული “სოხუმის” სასარგებლოდ. ისე, ტაიმის მიწურულს, სტუმრებს, რომლებიც თითქმის შეუსვენებლივ თამაშობდნენ, დაღლილობა შეეტყოთ.  

მესამე პერიოდი უფრო აქტიურად “ქუთაისის” კალათბურთელებმა დაიწყეს. მალხაზ კოხრეიძე მთელი მატჩის განმავლობაში მიმართავდა როტაციას, მან ახალგაზრდა შეგირდებსაც მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებმაც რიგიანად ითამაშეს და საკუთარი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლიც შეასრულეს. ქუთათურები, ალბათ, მესამე პერიოდშივე გაათანაბრებდნენ ანგარიშს, რომ არა სოხუმელი რატი ბააკაშვილის ზუსტი თამაში. ახალგაზრდა უკანახაზელმა სამჯერ გაისროლა ზუსტად სამქულიანი და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ “სოხუმმა” დასკვნითი მეოთხედის წინ შვიდქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა – 51:58. საეპილოგო პერიოდში, ადგილობრივი ქომაგების შეძახილებით გამხნევებულმა ქუთათურებმა, მატჩის დასასრულამდე 4 წუთით და 14 წამით ადრე პირველად, გიორგი ცეკვავას ზუსტი სროლით შეძლეს შეხვედრაში წინ გასვლა – 68:66. სოხუმელებმა მალევე უკანასკნელად აღადგინეს წონასწორობა და ამის შემდეგ, დიდიამ და ფაშაევმა სამქულიანიდან “დაბომბეს” მეტოქის ფარი. აშკარად დაღლილ სტუმრებს ბრძოლის თავი აღარ ჰქონდათ და მატჩი საბოლოოდ 77:68 დასრულდა “ქუთაისის” სასარგებლოდ. აქვე ერთიც უნდა დავძინოთ, მგზავრობისაგან გადაღლილმა “სოხუმის” კალათბურთელებმა, საშინელი სტატისტიკა აჩვენეს საჯარიმო ტყორცნებიდან. მათ, პაექრობის განმავლობაში 31-ჯერ მიეცათ საჯარიმოს ხაზთან დადგომის საშუალება და აქედან მხოლოდ 18-ჯერ იყვნენ ზუსტნი. ალბათ, გადაღლილობასთან და იმ არასასიამოვნო ფინანსურ მდგომარეობასთან ერთად, “სოხუმის” წაგების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.

ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმი”): “გადაწყვეტილი გვქონდა არ გვეთამაშა, მაგრამ ბოლო წამს მაინც ვამჯობინეთ ქუთაისში გამომგზავრება. მოგეხსენებათ, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა არასასურველია. რაც შეეხება თამაშს, ქუთაისში გამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. ბიჭებმა ღირსეულად ითამაშეს, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მყოფებს, “ქუთაისის” დამარცხება გაუჭირდებოდათ. თანაც, რამდენიმე წამყვანი მოთამაშეც გვაკლდა”. 

0.249645