რაგბი

13:11 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისურ-სამსუნური რაგბი - 7

რაგბის ისტორია თურქეთში  მცირე ხნისაა. სპორტის ეს სახეობა მეზობელ ქვეყანაში სულ რაღაც 7 წლის წინ შევიდა და დღესდღეობით 5 ქალაქშია კულტივირებული, მათგან ერთ-ერთი შავიზღვისპირა, თითქმის ნახევარმილიონიანი სამსუნია.

სწორედ ამ ქალაქში არსებული  სარაგბო კლუბის დირექტორატის მიწვევით სამსუნში ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად  იმყოფებოდნენ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების 22-ე და მე-100 სპორტული სკოლების მორაგბე ჭაბუკები და გოგონები(მწვრთნელი ალექსანდრე ნიქაბაძე). ქუთაისურ დელეგაციას მართლაც რომ გულთბილად დახვდნენ, გუნდები კომფორტულ სასტუმრო North point-ში დააბინავეს, სათამაშოდ კი ბოლო თაობის  ხელოვნურსაფარიანი მოედანი შეურჩიეს, რომელიც თურქეთში ერთობ პრესტიჟული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების - სამსუნის უნივერსიტეტის კუთვნილებაა და სახელგანთქმული  ფალავნის, თავისუფალ  ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური და სამგზის მსოფლიო ჩემპიონის მუსტაფა დაღესტანლის სახელობის უზარმაზარი სპორტკომპლექსის ნაწილს წარმოადგენს.

თავდაპირველი შეთანხმებით, თამაშები 7-კაცაში და 7-ქალაში უნდა გამართულიყო. ეს პირობა არც დაურღვულა, თუმცა 15-16 წლის ქუთაისელ ბიჭებს  თანატოლთა  წინააღმდეგ კი არა (როგორც აღმოჩნდა მასპინძლებს ამ ასაკის მორაგბეები არ ჰყოლიათ), გაცილებით უფროსებთან, სამსუნის უნივერსიტეტის სტუდენტებთან მოუწიათ დაპირისპირება და იმასაც აღვნიშნავთ, რომ საუნივერსიტეტო გუნდის შემადგენლობა  ინტერნაციონალური გახლდათ, ადგილობრივებთან ერთად ესპანელებიც თამაშობდნენ.

ასაკისა და აქედან გამომდინარე აღნაგობაში საკმაო სხვაობის მიუხედავად, ქუთაისელმა ჭაბუკებმა  ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს. პირველ თამაშში სტუმრები 5:15 დამარცდნენ. მეორე მატჩიც  მასპინძელთა გამარჯვებით - 10:5 დასრულდა. რაც შეეხება ბოლო დაპირისპირებას, აქ, შეიძლება ითქვას, რომ სტუმრებმა  პატარა გმირობა ჩაიდინეს, ისინი 5:15 აგებდნენ, მაგრამ თამაშის უკანასკნელ წუთზე ქუთაისელებმა 2-ჯერ შეაღწიეს მეტოქის ჩათვლის მოედანში  და საბოლოოდ საბრძოლო ფრე  დაფიქსირდა - 15:15.

რაც შეეხება 7-ქალას, ქუთაისელებმა  მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვეს, ჩვენმა გოგონებმა სამივე შეხვედრა მოიგეს - 20:10, 15:5 და 20:10. აღსანიშნავია, რომ სტუმართა 11 ლელოდან 9 საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნანა კაშიამ მიითვალა.

მეჰმეტ ტასკინი(სამსუნის სარაგბო კლუბის დირექტორი):“ თურქეთში რაგბი ისეთი პოპულარული არ არის, როგორც საქართველოში, მაგრამ მოვა დრო და ფეხზე მყარად დავდგებით. განვითარების ქართული პროგრამით ვხელმძღვანელობთ. მოხარულები ვართ ქუთაისელთა ვიზიტით და ურთიერთობას აუცილებლად გავაგრძელებთ, მალე გესტუმრებით“.

რამაზ მაღლაფერიძე (მე-100 სპორტსკოლის დირექტორი, ქუთაისური დელეგაციის ელმძღვანელი): „უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს თბილი მიღებისა და ყურადღებისათვის. ვფიქრობ,  თამაშები ორივე მხარისათვის სასარგებლო იყო. კონტაქტებს არ შევწყვეტთ. სამსუნის სპორტის მესვეურები დაინტერესებულნი არიან ჩვენთან თანამშრომლობით და სხვადასვა სახეობებში ერთობლივი ღონისძიებების გამართვას  გვთავაზობენ“.

ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების პრეს - სამსაური 

 

0.163703