5-6 დეკემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლემ ძიუდოისტთა შორის საქართველოს 2009 წლის ჩემპიონატს უმასპინძლა. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ტატამზე საქართველოს ნაკრების ყველა წევრი და კანდიდატი გავიდა. შესაბამისად, იმერელმა მაყურებელმა ბევრი დაძაბული და ლამაზი ბრძოლა იხილა.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს, ყველაზე შედეგიანად ბეთქილ შუკვანმა (60კგ), მიხეილ ხომიზურმა (66კგ) და ზურაბ დილებაშვილმა (73კგ) იჭიდავეს. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ევროპის სამგზის ჩემპიონ ზაზა კედელაშვილს ჩემპიონატში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. ნაკრების ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, მიზეზი ტრავმაა.
საქართველოს ნაკრების ყველაზე უხვტიტულა წევრმა, ნესტორ ხერგიანმა ჩვეულზე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა - 66 კილოგრამში მოსინჯა ძალა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სამეულს მიღმა კი პირველ სამ წონაში რამდენიმე სახელიანი ძიუდოისტი დარჩა. შმაგი ლაგაზაურმა (60კგ) და ზებედა რეხვიაშვილმა (73კგ) ფინალურ შეხვედრებს ვერ უწიეს, ხოლო ზვიად ბაზანდარაშვილი (73 კგ) რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მე-5 ადგილზე გავიდა.
ექვს დეკემბერს კიდევ უფრო მეტი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. აქამდე ნაკრების კანდიდატად მიჩნეული ბევრი სპორტსმენი სამეულს მიღმა დარჩა და ახალ ნაკრებში მოხვედრის პრაქტიკული შანსიც დაკარგა. ჩემპიონატი 81, 90, 100 და +100 კილოგრამი წონითი კატეგორიების ძიუდოისტებმა დახურეს.
81 კილოგრამში საქარ¬თველოს ახალგაზრდული ნაკრების ტიტულოვანმა წევ¬რებმა - ლაშა ზურაბიანმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა მედლის შანსი საწყის ეტაპებზევე დაკარგეს, რადგან ნახევარფინალს ვერც მათმა მძლეველებმა უწიეს. წაუგებლად კი ჩემპიონატი იმ ძიუდოისტმა ჩაამთავრა, ვისაც ფავორიტად თითქმის არავინ თვლიდა. თბილისის სახელით მოჭიდავე იოსებ წელაურმა საჩემპიონო გზაზე მირიან ხოსრუაშვილი, ზურაბ ეპიტაშვილი, ვახტანგ სარაჯიშვილი, დავით ჭაბუკაშვილი და ლევან წიკლაური ჩამოიშორა. ეს უკანასკნელი შედარებით ძლიერ ბადეში მოხვდა და ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში გრიგოლ შინჯიკაშვილს ჰანტეიში სძლია. ჰანტეითივე წააგო შინჯიკაშვილმა რეპეშაჟის ფინალი, ხვიჩა ხუციშვილთან, რამაც მისი გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია და საქმის გარჩევა შეხვედრის დასრულების შემდეგ, დარბაზს გარეთ, ჩოჩქოლით გაგრძელდა.
უსიამოვნო მომენტებით დახუნძლული ქუთაისური ჩემპიონატი ნამდვილად არ ყოფილა, რაც კარგი ორგანიზებისა და ნორმალური მსაჯობის დამსახურება იყო. პირთამდე სავსე 2000-ადგილიან დარბაზში, ტრიბუნიდან არენაზე ჩასვლისა და ტატამის გვერდით დადგომის სურვილი თითქმის არც ერთ მაყურებელს გასჩენია. სადავო ეპიზოდებს კი, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, მარიან რეპკა ვიდეოჩანაწერით უმალ აკონტროლებდა და გადაწყვე¬ტილებებსაც სწრა-ფადვე იღებდა.
ერთადერთი, რამაც მაყურებლისა და ძიუდოს სპეციალისტთა უკმაყოფილება გამოიწვია, უსამართლო კენჭისყრა იყო. 90 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ნაკრების კანდიდატები აშკარად არათანაბრად გადანაწილდნენ და საწყის ეტაპებზევე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 90-ში, პირველსავე წრეში დაწყვილდნენ - ვარლამ ლიპარტელიანი და არჩილ შინჯიკაშვილი, გრიგოლ მამრიკიშვილი და პაატა ღვინიაშვილი, საბა გავაშელიშვილი და ზვიად გოგოჭური. მამრიკიშვილმა და გავაშელიშვილმა ერთმანეთზე უკეთესი იპონებით იმარჯვეს და მე-2 წრეში უკვე ერთმანეთს დაეჭიდნენ. ეს შეხვედრაც სწრაფადვე დასრულდა და ადგილობრივთა სამწუხაროდ, გამარჯვება საბა გავაშელიშვილმა იზეიმა. გუშინდელი დღის გმირად სწორედ გურიის სახელით მოჭიდავე ამ ძიუდოისტს დავასახელებთ, რადგან აბსოლუტურად ყველა ბრძოლა ძლიერ მეტოქესთან ჩაატარა. მამრიკიშვილის შემდეგ მან ამ წონის ლიდერს, ვარლამ ლიპარტელიანს მოუგო იპონით, არადა, მე-4 წუთზე, ვაზარითა და იუკოთი მარცხდებოდა. ვაზარით ჩამორჩენა მან ნახევარფინალში უკვე მინდია ბოდაველთან შემოატრიალა სათავისოდ. ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში, გიორგი ცოციაშვილთან, ასევე ვაზარზე დავარდნის შემდეგ დასვა ოქროს წერტილი. ბრინჯაოს მედლები ლიპარტელიანმა და თედორე მასმანიდისმა მოიპოვეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ლაშა გურული, რომელმაც საბოლოოდ მე-5 ადგილი კი დაიკავა, მაგრამ ეფექტური გდებებით არაერთხელ ააგუგუნა ტრიბუნები.
ყველაზე მხურვალე ოვაციები კი იმერელი მაყურებლისგან ზურაბ ზვიადაურს ერგო. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ტატამს და 5 ჩატარებული შეხვედრიდან 4-ში ბრწყინვალე ილეთებით გაუსწორდა მოწინააღმდეგეებს. განსაკუთრებით საინტერესო, მისი და 100 კილოგრამის ყოფილი ლიდერის, ლომერ ჟორჟოლიანის მეოთხედფინალური დაპირისპირება იყო. ზვიადაურმა მეტოქეს ვაზარი შეუსრულა და შემდეგ საქმე გამარჯვებამდე ტაქტიკური გაფრთხილებებით მიიყვანა. გდება მხოლოდ დავით ლორიაშვილს ვერ გაუკეთა, რომელიც ფიზიკურად აშკარად მასზე უკეთ იყო მომზადებული. წლების წინათ, ზვიადაური ასეთ მეტოქესთან სისწრაფის ხარჯზე მიაღწევდა წარმატებას, მაგრამ მაშინდელ ფორმამდე ოლიმპიურ ჩემპიონს კიდევ ბევრი აკლია. დგომში წამოწყებული მოგვერდებისა და კისრულების დაგვირგვინების მცდელობა ხუთი-ექვსჯერ უშედეგოდ დასრულდა, მერე კი სულაც ლორიაშვილმა გააგრძელა მოწინააღმდეგის ილეთი და “ოქროს ვაზარით” საქართველოს ჩემპიონი გახდა. ფინალამდე ლორიაშვილმა დიმიტრი ტურაშვილი, შოთა მოწონელიძე და ნოდარ მეტრეველი ჩამოიცილა. ამ მარცხის შემდეგ, მეტრეველს, წესით, რეპეშაჟის ფინალში უნდა ეჭიდავა, მაგრამ მოულოდნელად, ტატამზე აღარ გამოცხადდა და სამეულში უბრძოლველად შეუშვა ჟორჟოლიანი. არადა ნახევარფინალამდე, მეტრეველმა 3 ბრძოლა, საერთო ჯამში, სულ რაღაც ერთ წუთში მოიგო. სამეულში შეაბიჯა ნახევარფინალში ზვიადაურისგან ძლეულმა რეზო ჩიკოიძემაც, რომელიც “ბრინჯაოს ფინალში” ტურაშვილს მტკივნეული ილეთით გაუსწორდა.
მძიმე წონაში, ალექსი დავითაშვილი, ვახტანგ ზოიძე, იოსებ მსხალაძე, ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი წილისყრამ ბადის ერთ მხარეს დააჯგუფა. მეორე მხარეს კი სახელიან ძიუდოისტთაგან მხოლოდ ლაშა გუჯეჯიანი მოხვდა, მაგრამ ამ უკანასკნელს ბოლომდე მაინც არ გაუმართლა. ნახევარფინალში ფეხი იტკინა და გიგა გუბელაძესთან დამარცხდა. მერე კი ბრინჯაო ადამ ოქრუაშვილს სულაც უბრძოლველად დაუთმო.
ოქრუაშვილს საჩემპიონო გზა ხანჯალიაშვილმა პირველსავე წრეში გადაუღობა. მანვე დატოვა ოქრო-ვერცხლის გარეშე დავითაშვილი. ეს ბრძოლა ნახევარფინალში შედგა. მოგვიანებით, დავითაშვილიც კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ავიდა. ხანჯალიაშვილმა კი ჩემპიონის ტიტული გიგა გუბელაძის ძლევით მოიპოვა.
საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები იანვარში, თბილისის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ნაკრების სახელით იჭიდავებენ.
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
5-6 დეკემბერი
60 კგ
1 ბეთქილ შუკვანი (ქვემო ქართლი)
2 ამირან პაპინაშვილი (აჭარა)
3 დავით ასუმბანი (ქვემო ქართლი)
3 პაატა მერებაშვილი (შიდა ქართლი)
66 კგ
1 მიხეილ ხომიზური (თბილისი)
2 უჩა ხუციშვილი (თბილისი)
3 ნესტორ ხერგიანი (ქვემო ქართლი)
3 შალვა ქარდავა (რაჭა-ლეჩხუმი)
73 კგ
1 ზურაბ დილებაშვილი (შიდა ქართლი)
2 ანზორ ხმიადაშვილი (შიდა ქართლი)
3 დავით კობერიძე (რაჭა-ლეჩხუმი)
3 ნუგზარ ტატალაშვილი (შიდა ქართლი)
81 კგ
1 იოსებ წელაური (თბილისი)
2 ლევან წიკლაური (თბილისი)
3 დავით კარბელაშვილი (სამცხე-ჯავახ.)
3 ხვიჩა ხუციშვილი (თბილისი)
90 კგ
1 საბა გავაშელიშვილი (გურია)
2 გიორგი ცოციაშვილი (მცხეთა-მთიან.)
3 ვარლამ ლიპარტელიანი (აჭარა)
3 თედორე მასმანიდისი (თბილისი)
100 კგ
1 დავით ლორიაშვილი (ქვემო ქართლი)
2 ზურაბ ზვიადაური (კახეთი)
3 რეზო ჩიკოიძე (თბილისი)
3 ლომერ ჟორჟოლიანი (ქვემო ქართლი)
+100 კგ
1 ზვიად ხანჯალიაშვილი (კახეთი)
2 გიგა გუბელაძე (იმერეთი)
3 ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა-მთიანეთი)
3 ალექსი დავითაშვილი (კახეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







