სუპერლიგის პლეი ოფის ნახევარფინალურ სერიაში მოასპარეზე “ქუთაისი-2010”-“სოხუმის” დაპირისპირების მეოთხე შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ყოველთვის უაღრესად დაძაბულია და დიდ ინტერესს იწვევს. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იყო და ის “ქუთაისი-2010”-ის სასარგებლოდ 74:60 დამთავრდა. სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 2:2. მეხუთე შეხვედრა, რომელიც ნახევარფინალისტს დაასახელებს ქუთაისში 6 მაისს გაიმართება.
ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო “ქუთაისი-2010”ის ცენტრალური თავდამსხმელი აკაკი დვალიშვილი, რომელმაც 26 ქულითა და 19 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და თანაგუნდელთა გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა. “სოხუმელთა” შემადგენლობაში საუკეთესო იყო გუნდის კაპიტანი ირაკლი ჩლაიძე, რომელმაც 24 ქულა დააგროვა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): “ადრეც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი და “ქუთაისი-2010”-ის დაპირისპირება უაღრესად დაძაბული იქნებოდა და ასეც მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისშიც დაძაბული მატჩი გველის და ქუთაისელი გულშემატკივრები საინტერესო შეხვედრის მომსწრენი იქნებიან. დღევანდელ მარცხს კალათბურთელთა გადაღლილობით ვხსნი, რომლემბმაც გუშინ მესამე შეხვედრას ძალიან დიდი ენერგია შეალიეს. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ შანსები 60/40-ზეა “ქუთაისი-2010”-ის სასარგებლოდ, თან გადამწყვეტი შეხვედრა მათ მოედანზე ტარდება”.
მედეა მხეიძე (“ქუთაისი-2010”-ის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): “ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. მართალია, 27-38 წუთამდე ვლიდერობდით, მაგრამ მატჩის ბედი ბოლომდე მაინც გაურკვეველი იყო. მადლობა კალათბურთელებს, რომელთაც შეძლეს ძალების მობილიზება და უაღრესად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს. ქუთაისში დაძაბული მატჩი იქნება, რადგან გულშემტაკივრებიც და გუნდის ხელმძღვანელობაც ჩვენგან გამარჯვებას ელის, რაც აორმაგებს მის მნიშვნელობას”.
მეოთხედფინალური სერიის კიდევ ერთი წყვილი “შსს აკადემია”-“ბათუმი-რსუ” ბათუმში არკვევს ურთიერთობას. წყვილში ჯერჯერობით ანგარიშია 2:1 ზღვისპირელთა სასარგებლოდ.