ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი სიკვდილის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის - ჟაკ როგის სახელით ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრებს სოკ-ის ოლიმპიური ორდენი ამ ორგანიზაციის ოლიმპიური სოლიდარობის დირექტორის მოადგილემ, პამელა ვაიპონდმა, საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა იოზეფ ფენდტმა და ამავე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჰერალდ სტეირერმა გადასცეს. სტუმრები გარდაცვლილი სპორტსმენის მშობლიურ ქალაქ ბაკურიანში ჩავიდნენ და დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონიალი ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალთან გაიმართა.
ორდენის გადაცემას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც დაესწრნენ.
ნოდარ ქუმარიტაშვილის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსნად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება სოკ-ის აღმასკომმა რამდენიმე დღის წინ, მექსიკის ქალაქ აკაპულკოში გამართულ სხდომაზე მიიღო.
“მწუხარებას გამოვთქვამთ ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების გამო. სპორტში მსგავსი ტრაგედია აღარასოდეს აღარ უნდა მოხდეს” – განაცხადა პამელა ვაიპონდმა. საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კი ერთხელაც დაადასტურა რომ, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასა ბაკურიანში აუცილებლად აშენდება.
ოთარ მაღლაკელიძე







