ჩოგბურთი

16:03 | 24.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქულები “როლან გაროსის” შემდეგ იქნება

საჩოგბურთო სამყაროს ყურადღება საფრანგეთის ღია პირველობისკენ არის მიპყრობილი და მნიშვნელოვან სარეიტინგო ცვლილებებსაც მისი დასრულების შემდეგ უნდა ველოდეთ, მანამდე გამოქვეყნებულ კლასიფიკაციებში კი დიდი “რყევები” ქართველ ჩოგბურთელებსაც არ შეხებიათ.
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში ჩვენებურთაგან საუკეთესო შედეგი ისევ ანა ტატიშვილს გააჩნია, რომელიც 380 ქულით 152-ე ადგილამდე აღზევდა. 358 ქულით 161-ე საფეხურზე გადაინაცვლა ოქსანა კალაშნიკოვამ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჩოგბურთელები მაკა ჩახნაშვილის მსგავსად, “როლან გაროსის” კვალიფიკაციაში ასპარეზობდნენ და ამისთვის, გარკვეული ქულები პარიზული ტურნირის დასრულების შემდეგ დაერიცხებათ.
სულ WTA-ს რეიტინგში 9 ქართველი გოგონა მოხვდა: 152 (154). ანა ტატიშვილი – 380 ქულა; 161 (163). ოქსანა კალაშნიკოვა – 358; 196 (193). მაკა ჩახნაშვილი – 270; 348 (347). სოფო შაფათავა – 119; 387 (382). მანანა შაფაქიძე - 94; 426 (428). თათია მიქაძე – 78; 443 (444). სოფო ქვაცაბაია – 71; 518 (520). ეკატერინე გორგოძე – 55; 1062 (1047). ანა ჯიქია – 4;
მიმდინარე კვირაში ტატიშვილი და კალაშნიკოვა იტალიის ქალაქ გრადოს სტუმრობენ და მორიგ სათიხნარო ტურნირში სცდიან ძალებს. 25-ათასიანი პირველობის ძირითად ბადეში ტატიშვილს მე-5 რეიტინგი გააჩნია, კალაშნიკოვას კი – მე-7.
კიდევ უფრო დიდი წარმომადგენლობა გვყავს თურქეთის ქალაქ იზმირში დაწყებულ ასევე 25-ათასიან ტურნირზე. ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია ასპარეზობას კვალიფიკაციიდან დაიწყებენ, მანანა შაფაქიძე და სოფო შაფათავა კი პირდაპირ ძირითად ბადეში არიან დაშვებულნი. 
ექვსი ქართველი ფიგურირებს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში, თუმცა, მათ რეიტინგში ყოფნას სიმბოლური თუ ეთქმის. ჩვენებურთაგან საუკეთესო ნიკოლოზ ბასილაშვილს 39 ქულით 602-ე ადგილი უკავია.
602 (600). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 39; 1178 (1182). ლაზარე კუხალაშვილი – 4; 1468 (1476). გიორგი ცივაძე – 1; 1566 (1572). გიორგი რევაზიშვილი – 1; 1566 (1572). სოზარ გოქაძე – 1; 1566 (1572). ნოდარ ითონიშვილი – 1;

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161851