სხვა

1:39 | 19.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქევხიშვილმა ახალი სეზონი რეკორდებით დაიწყო

ბირთვის მკვრელმა მარიამ ქევხიშვილმა ახალი სეზონი ჩინებულად დაიწყო. ამერიკის საუნივერსიტეტო პირველობის პირველ ეტაპზე, რომელიც 15-16 იანვარს კენტუკის შტატის ქალაქ ლექსინგტონში ჩატარდა, მარიამმა ერთბაშად ორი რეკორდი დაამყარა.
ქევხიშვილმა ბირთვი 18.47 მეტრზე ჰკრა და საქართველოს ზამთრის ჩემპიონატისა და ფლორიდის უნივერსიტეტის რეკორდი გააუმჯობესა. ცნობისთვის, საქართველოს წინა რეკორდი ელვირა ურულოვას ეკუთვნოდა, რომელიც 18.14 მეტრი იყო.
აღსანიშნავია, რომ ქევხიშვილმა რომელიც ამერიკაში მესამე სეზონს ატარებს, ზამთრის ჩემპიონატებზე ბირთვი 18 მეტრზე შორს პირველად ტყორცნა, აგრეთვე გააუმჯობესა წინა მაჩვენებელი, რომელიც 17.94 მეტრი გახლდათ.
სტივ ლემკე (ქევხიშვილის პირადი მწვრთნელი): “მარიამი ახალ სეზონს ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა, რაც პირველივე შეჯიბრებაზე გამოჩნდა. ცხადია, რომ ეს წელი მისთვის წარმატებული იქნება. სასიამოვნოა, რომ მარიამმა პირველივე ცდაზე ასეთი კარგი შედეგი აჩვენა და საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა. მთელი სეზონი წინაა და სამუშაო ბევრია, მაგრამ ასეთი კარგი დასაწყისი შემდგომი წარმატებების იმედს გვაძლევს”.
მარიამ ქევხიშვილი: “გახარებული ვარ, რომ 2010 წლის სეზონი გამარჯვებით დავიწყე და საქართველოს რეკორდიც დავამყარე. რეგულარულად ვვარჯიშობ და ვემზადები იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად, წლეულს, მალტასა და ესპანეთში ორ ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდე. ორ კვირაში ამერიკის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართება და მინდა, იქაც კარგად სასურველი შედეგი ვაჩვენო”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091216