ფეხბურთი

18:47 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "შოთა გრიგალაშვილს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება"

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ რადიოსთან საუბარში შოთა გრიგალაშვილი შეაქო. "ანორთოსისის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ამავე გუნდის ახალწვეულზე თქვა, რომ ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის დრო სჭირდება.

"გრიგალაშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ დრო სჭირდება, რათა ახალ გუნდს შეეჩვიოს. ის სხვა ქვეყანაში მოხვდა, სადაც სხვაგვარი ფეხბურთი და საერთოდ, განსხვავებული კლიმატია. საწყენია, რომ ტრავმა მიიღო", - თქვა ქეცბაიამ.

გრიგალაშვილი, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს "ანორთოსისისა" და "გეფლეს" მატჩში (ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი).

ქეცბაიამ კვიპროსულ კლუბებზეც ისაუბრა და თქვა, რომ აპოელ-ი კვლავაც ჩემპიონობის უპირველესი ფავორიტი იქნება.

"აპოელ-ში ბევრი რამ შეიცვალა. ვერ შევაფასებ გუნდს, რომელიც ჯერაც მომზადების სტადიაშია. აპოელ-ს პრობლემები აქვს, მაგრამ გაცილებით ნაკლები პრობლმები, ვიდრე სხვა კვიპროსულ გუნდებს".

რას ელის "ანორთოსისის" ლეგენდა ევროტურნირებზე კვიპროსული გუნდებისგან? მან თქვა, რომ საკვალიფიკაციო სტადიაზე არაერთი სიურპრიზი ხდება და შესაძლოა, ის გუნდი გავიდეს შემდეგ ეტაპზე, რომელიც მეტოქეს ვერ სჯობს. მაგალითად კი, ქეცბაიამ "ანორთოსისი"_"დილას" შარშანდელი დაპირისპირებები მოიყვანა. ქეცბაიამ თქვა, რომ გორის კლუბი "ანორთოსისზე" უკეთესი გუნდი არ იყო. 


0.120356