როცა მოწინავე საფეხბურთო ქვეყნების წინსვლაზე ვსაუბრობთ, იმასაც ვგულისხმობთ, თუ რა სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირება შეუძლიათ უცხოურ გუნდებში მომუშავე მწვრთნელებს. ბევრ მაჩვენებელს ისინი თავადაც მოიპოვებენ, ხოლო სხვა შემთხვევაში, უახლესი ტექნიკის იმედად არიან. აბა, სხვაგვარად როგორ უნდა დათვალო, რამდენი მეტრი გაირბინა ფეხბურთელმა მინდორზე ყოფნის დროს, ან საშუალოდ როგორი გულისცემა ჰქონდა, რათა შემდგომში, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მწვრთნელმა, საჭიროებისამებრ, შესაბამისი კორექტივები შეიტანოს?
“მსოფლიო სპორტი” “ჯვაროსანთა” სანაკრებო დაპირისპირებათა შემდეგ, რეგულარულად შემოგთავაზებთ ყოველ მატჩში მონაწილე ქართველ ფეხბურთელთა, ჩვენთვის ხელმისაწვდომ მონაცემებს. დავიწყოთ მალტასთან, 8 ოქტომბერს მოგებული (1:0) ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის შეხვედრით.
ეს, საქართველოს ნაკრების დაარსებიდან (1990 წლის 27 მაისი) ჩატარებული 157-ე მატჩია. “ჯვაროსნების” სრული ბალანსი ასეთია - 45 მოგება, 32 ფრე, 80 წაგება, გატანილ-გაშვებული გოლების სხვაობა 183:240.
უშუალოდ მალტელებთან შეხვედრებში, ქართველთა ბალანსი დადებითია - 6 მატჩი, 4 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება (ბურთები 8:4). საინტერესოა, რომ კუნძულელებთან 1994 წლის 10 თებერვალს მოგებულ პირველ მატჩში (1:0) გოლი 11-მეტრიანი დარტყმით, ნაკრების ახლანდელმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გაიტანა. სხვათა შორის, იმ შეხვედრაში მალტელთა ღირსებას ქეცბაიას კოლეგა ჯონ ბუტიგეგიც იცავდა.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია ეროვნულ გუნდს სათავეში გასულ ზამთარში ჩაუდგა. მას შემდეგ ნაკრებმა 6 შეხვედრა გამართა და ყველა წაუგებლად - 2 მოგება, 4 ფრე, გოლები 4:2. “ჯვაროსანთა” ახლანდელ თავკაცს ჯერ პოსტზე მუშაობის ერთი წელიწადი არ შესრულებია და უკვე რეკორდსმენია. 8 ოქტომბრამდე, ეროვნული გუნდის ზედიზედ ყველაზე მეტჯერ წაუგებლად გამწვრთნელი სპეციალისტი, ქეცბაიასთან ერთად ვლადიმერ გუცაევი იყო. ამ უკანასკნელის თავკაცობით, ქვეყნის პირველმა ნაკრებმა 1998 წლის 6 თებერვლიდან 30 მაისის ჩათვლით, ზედიზედ ხუთჯერ არ წააგო.
ახლა კი, იმ 14 ფეხბურთელის სანაკრებო სტატისტიკას შემოგთავაზებთ, რომლებსაც ქეცბაიას გადაწყვეტილებით, მალტასთან მინდორზე გასვლის საშუალება მიეცათ:
ნუკრი რევიშვილი (“ანჟი”, რუსეთი) - 23 წლის, 12 მატჩი, 12 გაშვებული გოლი (7 “მშრალი” მატჩი), 1 გაფრთხილება;
ლაშა სალუქვაძე (“რუბინი”, რუსეთი) - 28 წლის, 31 მატჩი, 1 გატანილი გოლი, 3 გაფრთხილება;
მალხაზ ასათიანი (“ლოკომოტივი”, რუსეთი) - 29, 41-4-4;
ალექსანდრე ამისულაშვილი (“კაისერისპორი”, თურქეთი) - 28, 15-1-0;
კახა კალაძე (“ჯენოა”, იტალია) - 32, 73-1-12+2 გაძევება;
ზურაბ ხიზანიშვილი (“რედინგი”, ინგლისი) - 29, 70-1-18+2;
გოგიტა გოგუა (“სპარტაკი” ნალჩიკი, რუსეთი) - 27, 24-1-11+2;
ჯანო ანანიძე (“სპარტაკი” მოსკოვი, რუსეთი) - 17, 5-0-0;
გიორგი მერებაშვილი (“ვოივოდინა” სერბეთი) - 24, 16-0-1;
ლევან კობიაშვილი (“ჰერტა”, გერმანია) - 33, 91-11-20;
ვლადიმერ დვალიშვილი (“მაკაბი”, ჰაიფა, ისრაელი) - 24, 13-4-2;
ალექსანდრე იაშვილი (“კარლსრუე”, გერმანია) - 32, 60-14-5;
დავით სირაძე (“სპარტაკი”, ნალჩიკი, რუსეთი) - 28, 22-6-2;
მურთაზ დაუშვილი (“ზესტაფონი”, საქართველო) - 21, 4-0-0.
იტალიური “ჯენოასა” და ეროვნული ნაკრების მცველმა კახა კალაძემ, მალტასთან მეორმოცედ მოირგო “ჯვაროსანთა” კაპიტნის სამკლავური. ქართველთაგან მასზე მეტჯერ ეს საპატიო მისია გიორგი ნემსაძეს (42) ხვდა წილად. ასე რომ, ახლო მომავალში, ამ სანაკრებო “ნომინაციაშიცაა” მოსალოდნელი ახალი რეკორდსმენის გამოჩენა.
ფრიდონ კერვალიშვილი