ფეხბურთი

20:00 | 23.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ, ასეთი კომენტარი გააკეთა.

"ეს სერიოზული, მაგრამ ამასთან, საინტერესო ჯგუფია. რა თქმა უნდა, გერმანია უდავო ფავორიტია, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში კი კარი ღიაა. ამიტომაც, ყველაფერი შეიძლება მოხდეს...".

კომენტარები უეფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა:

გორდონ სტრაჩანი (შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი): "გერმანია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია და რა თქმა უნდა, უდავო ფავორიტია ჯგუფში. ვფიქრობ, ოთხი ნაკრები იბრძოლებს მეორე ადგილისთვის და სავსებით რეალურია, რომ მათ შორის ჩვენც ვიყოთ. რასაც ჩვენ ვფიქრობთ, იგივეს ფიქრობენ ირლანდიელები, პოლონელები და ქართველებიც. ეს საინტერესო ამოცანა იქნება".

სტარჩანის მსგავსი კომენტარი გააკეთა ირლანდიის ნაკრების თავკაცმა მარტინ ონილმაც. მან აღნიშნა, რომ გერმანია ფავორიტია და დანარჩენ ნაკრებებს მეტ-ნაკლებად შანსი აქვთ, რათა მეორზე გავიდნენ.  

ოლივერ ბირჰოფი (გერმანიის ნაკრების მენეჯერი): "ნორმალური ჯგუფია, საინტერესო მატჩები იქნება. მთავარ კონკურენტებად პოლონეთსა და ირლანდიას განვიხილავდი, მაგრამ შოტლანდიელებიც უნდა დავაფასოთ. ჩვენი მიზანია, სტაბილურად ძლიერად ჩავატაროთ შესარჩევი. მაგალითად ისე, როგორც ეს წინა შესარჩევში მოხდა".

ბირჰოფის მსგავსად, პირველ კომენტარში საქართველოს ნაკრები არც გერმანის ნაკრების მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვს უხსენებია:

"ირლანდიასთან და შოტლანდიასთან მატჩები განსაკუთრებული იქნება სტადიონზე შექმნილი ატმოსფეროს კუთხით. პოლონეთს რაც შეეხება, მათ ჰყავთ ლევანდოვსკი და კიდევ არაერთი ფეხბურთელი, რომლებიც ბუნდესლიგაში თამაშობენ. აი, გიბრალტარი კი ჩვენთვის გამოცანაა".

ადამ ნავალკა (პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი): "გერმანია უდავო ფავორიტია, დანარჩენი გუნდების შანსებს კი დაახლოებით თანაბარი ეთქმის. თითქოს ბედის ირონიაა, რომ უახლოესი ამხანაგური მატჩები სწორედ ჯგუფში ჩვენს მეტოქეებთან გვაქვს დაგეგმილი. 5 მარტს შოტლანდიას ვეთამაშებით, ხოლო 13 მაისს გერმანიას. ასევე, შარშან ირლანდიას შევხვდით. უნდ აგვჯეროდეს, რომ შანსი გვაქვს. პოლონეთის ნაკრები აქედანვე ემზადება შესარჩევისთვის".

წარმოიდგინეთ, უიმედოდ არც გიბრალტარის ნაკრების მწვრთნელი ალენ ბულაა. მან თქვა, რომ ჯგუფიდან გასვლა სურს და ბოლომდე იბრძოლებს შანსის გამოსაყენებლად.

თეგებიევრო 2016
0.117708