ფეხბურთი

15:41 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქავთარა

 არქიტექტორისა და ექიმის ოჯახში გაზრდილი დახვეწილი არისტოკრატი გურამ ქავთარაძე პროფესიით სამთო ელექტრო მექანიკოსი, ანუ მარკშეიდერი იყო, საპროექტოში თითით საჩვენებელ სპეციალისტად ითვლებოდა, მაგრამ  ქავთარასთვის “დინამო” იყო ყველაფერი  - “დინამოთი” სუნთქავდა, მისით იძინებდა და იღვიძებდა. გამორჩეული იუმორის პატრონს სასაცილოც უამრავი გადახდენია...

ამაყი პოლკოვნიკი

"დინამოს" სტადიონი 1976 წელს გაიხსნა და ნემსი არ ჩავარდებოდა-ხოლმე თამაშებისას ტრიბუნებზე. ყველა სექტორს თავისი დაცვა ჰყავდა, მილიციელებიც ცდილობდნენ, ხალხთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინათ, მაგრამ ზოგი მათგანი ხალხის შესაშინებლად მკაცრად იქცეოდა. ერთხელ მეცხრე სექტორში ერთი პატარა ბიჭი უბილეთოდ შეიპარა, დაცვის უფროსმა ხელი სტაცა და გაყვანა დაუპირა, ატყდა ჩოჩქოლი, მოვარდა ოპერჯგუფი და ბიჭი ძალით გაათრიეს ტრიბუნიდან. ხალხს თამაშის ყურების სურვილი დაეკარგა, მძიმედ იმოქმედა ამ ამბავმა. მოვიდა ის პოლკოვნიკი, თავაწეულია, იარაღზე ხელი უდევს, ამაყად დაიარება კიბეზე - აი რა მაგარი ვარო! ყველა გასუსული უყურებს თამაშს და უცებ ქავთარა წამოდგა:

-დახვრიტეთ უკვე ბატონო პოლკოვნიკო?

ქავთარას აჩრდილი

ქავთარა ცნობილი კაცი იყო თბილისში და ხშირად პატიჟებდნენ ოპერასა თუ თეატრში. ერთხელაც მეუღლესთან ერთად ოპერაში წასასვლელად გამოიწკიპა - შავი შარვალ-პიჯაკი ჩაიცვა, წითელი ჰალსტუხი გაიკეტა, მეუღლეს ხელკავი გაუყარა და ოპერას მიადგა. პრემიერა იყო და გაძლიერებული დაცვა იცავდა ოპერის პერიმეტრს. ჯერ მილიცია სინჯავდა მოქალაქეებს, ჰქონდათ თუ არა ბილეთი. ქათარამაც ამაყად დააძრო ბილეთები და დაცვის მოთხოვნისთანავე გაუწოდა. უცებ ის კაცი აყვირდა: რას მერჩი, აქაც აღარ მასვენებ, ჩემი სამსახურიდან გაგდება გინდაო!!!

თურმე ეს მისი „ნაცნობი“ პოლკოვნიკი იყო, ოპერის პერიმეტრის დასაცავად გამოეშვათ!

„დინამო“ მუდამ მართალია!

1995 წელს გიორგი ქინქლაძე დინამოდან „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, ჰოდა მისმა ყოფილმა კლუბმა - „მრეტებმა“ კონტრაქტის საფასურის ნახევარი მოითხოვა, ეს კი თუ არ ვცდები, ორმილიონნახევარ დოლარს უდრიდა! ატყდა ჩივილი და სასამართლოებში საქმეების გარჩევა. „მრეტების“ დირექტორი მაშინ აკა ქავთარაძე იყო, გურამის უფროსი შვილი. საქმე ფიფამდე მივიდა და „დინამოს“ გარკვეული თანხის გადახდა დაავალეს. დიდი ხმაურია ამ ამბავზე ამტყდარი გულშემატკივრებშიც - ზოგი „დინამოს“ ემხრობა, ზოგი - „მრეტებს“. ჰოდა, ერთხელაც გულშემატკივრები რომ წაკამათდნენ - ქავთარამ დაიღრილა: რა „მრეტები“, რის „მრეტები“, რა თქმა უნდა „დინამოა“ მართალი, როგორ შეიძლება „დინამო“ მტყუანი იყოსო!!!

აკა ქავთარაძეს, რომელიც მამისგან მხარდაჭერას ელოდა, პირი ღია დარჩა...

მამუკა კვარაცხელია


0.114844