სხვა

19:19 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა წარმატებული დღე აკი ბაშოზე

სექტემბრის ბაშოს მე-3 დღე ორივე ქართველი სუმოისტისთვის წარმატებული გამოდგა. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ მიჯრით მე-3 გამარჯვება იზეიმა და ძურიოს დივიზიონის ლიდერებში რჩება, თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ კი ორ მარცხს პირველი მოგება მიაყოლა.

ტოჩინოშინმა, რომელიც ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სუპერტურნირს ძურიოს დასავლეთის მე-5 ნომრის სტატუსით შეხვდა, აღმოსავლეთის მე-7 ნომერი ასასეკირიუ იორიკირით დაამარცხა. რაც შეეხება დასავლეთის მე-3 რეიტინგის მქონე გაგამარუს, მან აღმოსავლეთის მე-6 ნომერი ტამაასუკა ოშიდაშით დაჯაბნა.

ქართველ გოლიათებს მომდევნო ბრძოლები 17 სექტემბერს ელით. გაგამარუ დასავლეთის პირველი რეიტინგით მოასპარეზე ამურუს გაეჯიბრება და მისთვის პირველი მარცხის მიყენებას ეცდება, ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე კი აღმოსავლეთის მე-8 ნომერი ტოკუშინჰო იქნება, რომელსაც ზურგს 2 გამარჯვება უმაგრებს.

ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში წაგების გარეშე ასპარეზობენ მონღოლი იოკოძუნები – ჰაკუჰო, ჰარუმაფუჯი და კაკურიუ. ოძეკებს – იოშიკაძეს და კისენოსატოს 2-2 გამარჯვება აქვთ, კიდევ ერთმა ოძეკი გოეიდომ კი აკი ბაშოს სტარტი “მძიმედ” აიღო და უკვე 2-ჯერ წაიფორხილა. ისიც ვთქვათ, რომ ტურნირის მე-3 დღეს “კოკუგიკანი” სრულად შეივსო. შეჯიბრს თვალი 10 604-მა (!) მაყურებელმა მიადევნა.

0.115974