გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” და მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ”, შესაბამისად, მადრიდის “რეალთან” და “ბარსელონასთან” ევროლიგის პლეი ოფის მე-2 მატჩებიც წააგეს, ქართველმა კალათბურთელებმა კი უაღრესად წარუმატებლად ითამაშეს – მათ ქულაც კი არ ჩაუგდიათ.
“ოლიმპიაკოსმა” მადრიდში 77:82 წააგო, თუმცა, მცირე სხვაობამ არ მოგატყუოთ – სტუმრებს თამაშის გადარჩენის რეალური შანსი არ ჰქონიათ. შერმადინმა მოედანზე მხოლოდ 10:52 წუთი გაატარა და 2-ვე ორქულიანი ააცილა (2-ჯერ დაუფარეს), აქტივში 2 მოხსნა ჰქონდა, ერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
ესპანური “სარაგოსასგან” განსხვავებით, ქართველი ცენტრი “ოლიმპიაკოსში” ერთ-ერთ ლიდერად აღარ მოიაზრება და ეს, მის შედეგიანობაზეც აისახება. მეტიც, გასულ თამაშში შერმადინი პირეოსელთა სასტარტო ხუთეულშიც აღარ ყოფილა.
წაგებულ შეხვედრაში “ოლიმპიაკოსს” ვასილის სპანულისმა ულიდერა 18 ქულით და ბერძენი კალათბურთელი გამოირჩა მადრიდელთა მხრიდანაც. იოანის ბურუსისმა 19 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.
ამ გუნდების მორიგი დაპირისპირება 21 აპრილს პირეოსში შედგება და თუკი “რეალმა” იქაც იმარჯვა, ნახევარფინალის საგზურს ვადაზე ადრე მოიპოვებს.
მიზანთან კიდევ უფრო ახლოსაა კატალონიური “ბარსელონა”, რომელიც თურქულ “გალათასარაის” სერიას “ცალი ფეხით” უგებს. მასპინძლებმა ამჯერად 84:63 იმარჯვეს და თანაც, საქმე პირველი ტაიმის შემდეგვე მოთავებული ჰქონდათ, რომელიც 18 ქულის სხვაობით მოიგეს.
მარკოიშვილი სტამბულელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა, 17:38 წუთში თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა და უქულოდ დარჩა. მანუჩარმა 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 პასი მოაგროვა, 2 შეცდომა დაუშვა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“გალათასარაის” ვეტერანმა ჰენრი დომერკანტმა 11-ვე ქულა დასკვნით მეოთხედში ჩააგდო და სტუმართა ბომბარდირი გახდა, ხოლო “ბარსელონას” მხრიდან ბრედ ოლესონი (14), ალეხანდრო აბრინესი (13), მარსელინიო უერტასი (12), ტომე ანტიჩი (11) და კოსტას პაპანიკოლაუ (10) გამოირჩნენ.
მოედანზე მხოლოდ ხუთიოდ წუთი გაატარა კატალონიელთა კიდევ ერთმა ლიდერმა ხუან კარლოს ნავარომ, შემდეგ კი ტრავმა მიიღო და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.
ცხადია, ბარსელონელები “გალათასარაისთან” სერიას ბოლომდე ნავაროს გარეშეც იოლად მიიყვანენ, თუმცა, თუკი მისი ტრავმა სერიოზული გამოდგა, კატალონიელებს “ოთხთა ფინალში” ძალიან გაუჭირდებათ.
თურქულ-ესპანური დაპირისპირების მე-3 და დიდი ალბათობით, დასკვნითი მატჩი სტამბულში 20 აპრილს შედგება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტომე ანტიჩი რა უბედურებაა?
))
სტამბულსა და ათენში სულ სხვა ტამაშები გველის.. წარმატებები ბიჭებო !
შერმანდინს პასებს არ აძლევენ და შესაბამისად შედეგიც ლოგიკურია
რატო დაიბრუნა ოლიმპიაკოსმა დგემდე არ მესმის აშკარად ვერ ეწყობა გიო ოლიმპიაკოს.მარკოიშვილს რაც შეეხება მისგან უფრო მეტს ველოდი
აქ უნდა გამოავლინონ ძალა
შერმადინი საერთოდ არ იყურება ფარზე ძAლიან ინერტული თამაშობს,პირველ თამაშიც ცუდი იყო მეორეში კიდევ უფრო ცუდი
შერმადინს ორჯერ გადაატენეს თავზე, ამ ბოლო დროს რაღაც დაემართა ამ ბიჭს...