ჭადრაკი

15:00 | 28.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “შავი” ტური თეთრად დასრულდა

გიბრალტარის საჭადრაკო ტურნირის მე-3 ტური წარმატებული გამოდგა ქართული სამეულისთვის - ნანა ძაგნიძემ (2550), სალომე მელიამ (2449) და გიორგი ყაჭეიშვილმა (2585) გამარჯვება იზეიმეს და პრესტიჟულ შეჯიბრებაში პოზიციები გაიმყარეს.
ჩინებულ ფორმაში მყოფმა ძაგნიძემ, რომელიც ფიდე-ს ქალთა გრან-პრის გადამწყვეტი ეტაპისთვის ემზადება, შავი ფიგურებით, ესპანელი ხუან მანუელ ლოპეს ბელონი (2404) დაამარცხა და 2.5 ქულა მოაგროვა, რისი წყალობითაც, 232 მოჭადრაკეს შორის მე-15 ადგილზე დამკვიდრდა.
ნანას შემდეგი მოწინააღმდეგე, გერმანელი დანიელ ფრიდმანია (2655), რომელსაც ასევე 2.5 ქულა გააჩნია. ქართველი მოჭადრაკე ამჯერადაც შავი ფიგურებით ითამაშებს.
2-2 ქულა აქვთ მელიასა და ყაჭეიშვილს, რომლებიც დამატებით მაჩვენებლებით, შესაბამისად, 44-ე და 78-ე ადგილებზე იმყოფებიან. მე-3 ტურში, ორივე ქართველმა მოჭადრაკემ წარმატებას შავი ფიგურებით მიაღწია. სალომემ ბერძენ ხრისტოს ზიგურისს (2215) აჯობა, გიორგიმ კი – მექსიკელ ხულიან ესტრადა ნიეტოს (2309).
მე-4 ტურში, მელიაც და ყაჭეიშვილიც თეთრებით ითამაშებენ. პირველის მეტოქე, აშშ-ს სახელით მოასპარეზე ოლექსანდრ ონიშჩუკია (2689), მეორისა კი – კანადელი დავიდ კამინგსი (2366).
განვლილი ტურების შემდეგ, ქულათა მაქსიმუმით, Gibraltar Masters-ის სათავეში 4 მოჭადრაკე იმყოფება: ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე (2526), ინდოელი დეეპ სენგუპტა (2530), ინგლისელი ნაიჯელ შორტი და რუსი ნადეჟდა კოსინცევა.
ცნობისთვის, შეჯიბრება 10 ტურად მიმდინარეობს და 3 თებერვალს დასრულდება, ჯამური საპრიზო ფონდი კი, 126 ათასი გირვანქაა, საიდანაც ჩემპიონი 17 500-ს მიიღებს, ხოლო პრიზები მოწინავე თორმეტეულს ერგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169713