კალათბურთი

1:04 | 31.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “სარაგოსამ” წელი მოგებით დაასრულა

ესპანურმა “სარაგოსამ”, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელები გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე იცავენ, წლის ბოლო მატჩი ჩაატარა და “ვალიადოლიდს” იოლად – 95:79 სძლია. შეხვედრის ბედი მე-2 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 28:15 მოიგეს.

შერმადინს, რომელსაც ზურგის ტრავმა აწუხებს, მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, სანიკიძემ კი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტხანს ითამაშა.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 30:18 წუთი გაატარა და 6 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ვიქტორმა 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

არაგონელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ხორვატმა და ბელგიელმა ლეგიონერებმა დაიდეს. დამიან რუდეზმა 31 ქულა ჩააგდო, ხოლო ჯონათან ტაბუს მონაგარი 19 ქულა იყო.

“სარაგოსამ” 7 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და მე-13 ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე მე-8 ადგილზე იმყოფება. ქართველთა კლუბი მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს, ისევ შინ, ცამეტივე თამაშის მომგებ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.117484