კალათბურთი

1:30 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “სარაგოსამ” ბერლინელები გაანადგურა

ვიქტორ სანიკიძის და გიორგი შერმადინის “სარაგოსამ” ევროთასზე მე-4 გამარჯვება იზეიმა და D ჯგუფის მოწინავე სამ გუნდს შორის შეაღწია, რაც მომდევნო ეტაპზე გასვლის წინაპირობაა.

ესპანურმა კლუბმა ბერლინის “ალბა” მიიღო და გერმანელთა ძლევა არ გასჭირვებია – 75:50. ქართველ კალათბურთელთაგან სასტარტო ხუთეულში შერმადინი იყო და 15:20 წუთში 2 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

უფრო შედეგიანი იყო სანიკიძე, რომელმაც 20:54 წუთში 7 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, ერთხელ შეცდა და ამდენჯერვე დაჯარიმდა.

ევროთასის D ჯგუფს 5-5 მოგებით ფრანგული “გრაველინი” და ხსენებული “ალბა” ლიდერობენ, “სარაგოსას” და კიდევ ერთ გერმანულ კლუბ – “ბონს” 4-4 გამარჯვება მოუგროვდათ, შემდეგ კი იტალიური “რომა” (2) და ბელგიური “მონსი” (1) მოდიან.

4 დეკემბერს სარაგოსელები ბონის “ტელეკომ ბასკეტსს” უმასპინძლებენ.

0.111665