კალათბურთი

0:42 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “სარაგოსა” ესპანეთის თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს

ესპანური “სარაგოსა”, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელები გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე ირიცხებიან, ქვეყნის თასის გათამაშებაში ჩაერთვება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არაგონელებმა ჩემპიონატის პირველი წრის შედეგებით, მოწინავე რვეულში ადგილი დაიბევეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველთა დიდი დახმარების ხარჯზე (მათ ჯამში 36 ქულა და 15 მოხსნა მიითვალეს), ჩემპიონატის მე-17 ტურში “სარაგოსამ” “მურსია” 103:67 გაანადგურა და უკვე კონკურენტთა წაფორხილების მოლოდინში გახლდათ.

არაგონელთა სასიხარულოდ, კვირას მათთვის საჭირო ანგარიშები დაფიქსირდა. ტენერიფეს “იბეროსტარმა” და ვიტორიულმა “ლაბორალ კუტხამ” საკუთარი მატჩები დათმეს, რის შემდეგაც, “სარაგოსა” მოწინავე რვეულში მე-6 ადგილამდეც კი აღზევდა.

შეგახსენებთ, რომ მომავალ ბატალიებს 6-9 თებერვალს მალაგა უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში სარაგოსელები მე-3 ადგილზე მყოფ “ბარსელონას” გაეჯიბრებიან, “რეალი” “ტენერიფეს” ეთამაშება, “ვალენსია” – “ლაბორალ კუტხას”, ხოლო “უნიკახა” – “გრან კანარიას”.

როგორც ხედავთ, მალაგაში ვერ ვიხილავთ ბექა ბურჯანაძის “კახასოლს”, რომელმაც კატალონიურ “ბარსელონასთან” 57:62 წააგო და 8 გამარჯვება შერჩა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე მხოლოდ 40 წამი გაატარა, საქართველოს ნაკრების ექს-გამთამაშებელმა ამერიკელმა ჯეიკობ პულენმა კი 09:08 წუთში სტუმრებს 2 ქულა და 1 პასი შესძინა.

0.126845