კალათბურთი

2:53 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა კლუბები ესპანეთში განადგურდნენ

ევროლიგის პლეი ოფი ესპანეთში გამართული მატჩებით გაიხსნა, რომლებშიც “ბარსელონამ” და “რეალმა” შესაბამისად, მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” და გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსი” მიიღეს და დამაჯერებლად იმარჯვეს.

ბარსელონაში გამართულ შეხვედრაში ბრძოლა მხოლოდ პირველ ნახევარში იყო, რომელიც სტამბულელებმა 35:33 მოიგეს, თუმცა, ტაიმის მიწურულს გუნდის პუერტო-რიკოელი ლიდერი კარლოს აროიო დაშავდა და დიდი შესვენების შემდეგ, თურქული გრანდის საქმე ცუდად წავიდა.

“გალამ” მე-2 ტაიმი 55:26 (!) წააგო, საბოლოოდ კი, 61:88 განადგურდა. მარკოიშვილი სტუმართა სასტარტო ხუთეულში იყო და 26:14 წუთში 3 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. მანუჩარმა თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტხანს ითამაშა, 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორქულიანი ააცილა, ერთხელ ბურთი დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მოთამაშე ჯეიკობ პულენმა 3-ვე სამქულიანი ჩააგდო და 13:40 წუთში კატალონიელებს 11 ქულა შესძინა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი “ბარსელონას” სლოვენიელი ფორვარდი ბოსტიან ნახბარი გახდა 19 ქულით.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური სერიები სამ მოგებამდე მიმდინარეობს, “ბარსელონას” და “გალათასარაის” მე-2 შეხვედრა კი ისევ კატალონიურ “პალაუ ბლაუგრანაზე” 17 აპრილს შედგება.

სტამბულელთა დარად, სერიაში 0:1 ჩამორჩა პირეოსის “ოლიმპიაკოსიც”, რომლის რიგებშიც გიორგი შერმადინი ირიცხება. ევროლიგის მოქმედმა ჩემპიონმა მადრიდში “რეალთან” 71:88 წააგო, ქართველმა ცენტრმა კი ისევ სასტარტო ხუთეულში ითამაშა.

შერმადინმა პირეოსელთა სასტარტო 5 ქულა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა, თუმცა, მას შემდეგ რაც მოედანზე საწყისი 09:56 წუთი გაატარა, თამაშში აღარ ჩართულა, რაც ძალიან უცნაური გახლდათ.

გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი და ბონუს-საჯარიმო გამოიყენა და აქტივში 1 მოხსნაც ჰქონდა, პასივში კი მხოლოდ 1 დაკარგვა აღმოაჩნდა.

17 აპრილს გუნდები ისევ მადრიდულ არენაზე იასპარეზებენ.

0.130585