სხვა

14:22 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “ბაკეუ” რუმინეთის ჩემპიონატის ფინალშია

ქართველი ხელბურთელების შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბი “შტიინცა ბაკეუ” რუმინეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. პლეიოფის სტადიაზე “ბაკეუმ” ორჯერ დაამარცხა “ტარგუ ჟიუს ენერგია პანდური” – 40:34, 36:25 და სერია 2:0 მოიგო.

ფინალში სამი გუნდი ითამაშებს ორწრიან ტურნირს. ჯერჯერობით, ბუქარესტის “დინამო” 1:0-ს უგებს “პოტაისა ტურდას”, ხოლო “კონსტანცასა” და “ოდორჰეის” სერია ჯერ არ დაუწყიათ.

რაც შეეხება პლეიოფს, რუსიამ ორივე მატჩი ითამაშა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველ შეხვედრაში – 2, ხოლო მეორეში 4 გოლი გაიტანა. შოთა თევზაძე “ბაკეუს” კარში პირველ მატჩში იდგა.

რუმინეთში მოთამაშე კიდევ ერთი ქართველის ირაკლი ჩიქოვანის გუნდი “პოლი ტიმიშოარა” რეგულარული სეზონის შედეგების მიხედვით 7-12 ადგილებისთვის იბრძვის. “ტიმიშოარამ” პირველი მატჩი მოუგო “კარას სევერინს” – 27:19 (ჩიქოვანმა ერთი გოლი გაიტანა) და თუ მეორეშიც იმარჯვა, მაშინ 7-9 ადგილებისთვის ითამაშებს.

მაკედონიის ჩემპიონატის ფინალურ ექვსეულს 4 მატჩიდან 3 მოგებით რევაზ ჭანტურიას “ზომიმაკ სტრუმიცა” ლიდერობს, თუმცა, პოტენციური ლიდერები არიან ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ორი კლუბი – “მეტალურგი” და “ვარდარი”. “მეტალურგმა” სამივე თამაში მოიგო, ვარდარმა – ორი. ბოლო ტურში “სტრუმიცა” სწორედ მეტალურგთან დამარცხდა - 20:25, ხოლო ჭანტურიამ 2 გოლი გაიტანა.

www.geohandball.ge

0.538834