სხვა

14:33 | 20.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა წყალბურთელებმა ნერვებს და ბელარუსს ვერ მოუგეს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისის საერთაშორისო ტურნირი ფრით გახსნა. ზვიად დავითიანის გუნდი გუშინ ახლადგახსნილ საცურაო კომპლექს “ოლიმპიკში” ბელარუსს დაუპირისპირდა. შეხვედრა 7:7 დასრულდა. გუშინვე დიდი ბრიტანეთის ნაკრებმა უკრაინა 8:5 დაამარცხა და გალიდერდა. პირველი ტურის დასრულების შემდეგ, “მსოფლიო სპორტი” ზვიად დავითიანს შეეხმიანა.
- როგორ შეაფასებთ ნაკრების პირველ თამაშს?
- შედეგით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ, რადგან მოსაგებ თამაშში მხოლოდ ფრეს დავჯერდით. საგოლე მომენტების გამოუყენებლობა რომ არა, 4-5 ბურთიანი უპირატესობით უნდა გვემარჯვა. სამწუხაროდ, ბიჭებმა თავის ხელში აყვანა ვერ შეძლეს...
- მაინც რამ შეუშალათ ხელი?
- საკუთარ კედლებში პირველად თამაშობდნენ და ზედმეტად ინერვიულეს. ამიტომაც გაუჭირდათ.
- ნაკრების ოპტიმალურ შემადგენლობას რამდენი წყალბურთელი აკლდა?
- მხოლოდ ნატურალიზებული უცხოელები. ეს 4 სპორტსმენი ნაკრებისთვის ძალიან დიდი ძალაა და მათი შემატების შემდეგ, შემადგენლობა საგრძნობლად გაძლიერდება. ამჯერად, საკლუბო ჩემპიონატის გამო ვერ შემოგვიერთდნენ.
- ტურნირი ახლადგახსნილ კომპლექსში იმართება. აუზით კმაყოფილი დარჩით?
- მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს გვეღირსა ზამთრის აუზი და 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ უმასპინძლა თბილისმა საერთაშორისო ტურნირს.
- უკვე სამივე სტუმარი ნაკრების თამაში ნახეთ. მათ შორის საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ?
- ჩემი აზრით, ფავორიტი არც ერთი ნაკრები არაა. ერთი დონის გუნდები ვართ და ჩემპიონი ის გახდება, ვინც ყველაზე უკეთესად მოახერხებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. ვეცდებით მეორე-მესამე ტურში უკეთესად ვითამაშოთ და გულშემატკივრები გავახაროთ.
დღეს მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართება. 18 საათზე დიდი ბრიტანეთი ბელარუსს დაუპირისპირდება, ხოლო 19 საათსა და 30 წუთზე საქართველო და უკრაინა ითამაშებენ. ხვალ, 18 საათზე უკრაინა ბელარუსს შეხვდება, წერტილს კი, 19 საათსა და 30 წუთზე ქართველები და ბრიტანელები დასვამენ.

 

ოთარ მაღლაკელიძე


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092173