საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ჩეხეთიდან 4 მედლით დაბრუნდა. 10-13 მარტს, ქალაქ უსტი ნედ ლაბენში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე რამაზ ფალიანის 6 შეგირდიდან ოთხმა სამეულში შეღწევა მოახერხა. სულ ქართულ დელეგაციაში 2 მოკრივე გოგონაც იყო. ისინი საერთაშორისო ტურნირზე პირველად გამოვიდნენ და საწყის შეხვედრებშივე დამარცხდნენ.
საუკეთესო შედეგი +91 კილოგრამში მოასპარეზე ბექა ლობჟანიძემ აჩვენა - ფინალში გავიდა და რუს მოკრივესთან დამარცხების შემდეგ ვერცხლის მედალს დაეუფლა. კახა ჟვანიამ (69), რეზო ქარელიშვილმა (81) და დავით გოგიშვილმა (91) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. ტურნირი უმედლოდ მხოლოდ კობა ფხაკაძემ (60) და ლევან ღვამიჩავამ (64) ჩაამთავრეს. ორივე პირველსავე წრეში გამოეთიშა ბრძოლას.
“საკმაოდ წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა. რამდენიმე ნაკრებმა, მათ შორის რუსეთმა და ყაზახეთმა ჩეხეთში პირველი ნომრები ჩამოიყვანა და ბიჭებს მართლა ძლიერ მოწინააღმდეგებთან მოუხდათ დაპირისპირება. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ტურნირი მონაწილეთა რაოდენობით გამორჩეული ნამდვილად არ იყო. რიგ შემთხვევებში მედლის მოსაპოვებლად ორი ბრძოლის მოგებაც საკმარისი აღმოჩნდა. მთლიანობაში ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ. ლობჟანიძეს ჩემპიონობაც შეეძლო, ფინალში მოწინააღმდეგე აშკარად დაჩაგრა, მაგრამ რამდენიმე დარტყმა არ შეუფასეს და წააგო. ჟვანია, ქარელიშვილი და გოგიშვილიც საკმაოდ გამოვიდნენ და ჯამში 4 მედალი მოვიპოვეთ. ასეთ შედეგიანობას სა-ქართველოს ნაკრებისგან მართლა არავინ ელოდა. ფხაკაძე და ღვამიჩავა ნახევარფინალამდე ვერ მივიდნენ. კობა გაცივდა და თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა, ხოლო ღვამიჩავას ზედმეტი წონის პრობლემა აქვს. ძალიან ბევრს იკლებს.
რაც შეეხებათ გოგონებს, თამუნა ჩხუბიანიშვილი და მარიამ ქველაძე საერთაშორისო რინგზე პირველად ავიდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იბრძოლეს, საწყისი ეტაპის გადალახვა მაინც ვერ შეძლეს. ახლა ერთი კვირა დავისვენებთ და ერევანში გავემგზავრებით, სადაც სომხეთის ნაკრებთან ერთობლივ შეკრებას გავივლით. შეკრების დასრულების შემდეგ კი ერევანში მორიგ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე გამოვალთ. სომხეთშიც ძალიან ძლიერი შემადგენლობა მოიყრის თავს, რადგან ტურნირის ორგანიზატორებმა სამოყვარულო კრივისთვის არადამახასიათებელი ნაბიჯი გადადგეს და საპრიზო ფონდი დააწესეს”, - უთხრა “მსოფლიო სპორტს” მოკრივეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ ფალიანმა.
ფალიანისვე თქმით, ივნისში, მოსკოვში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა ნაწილობრივ დაკომპლექტებულია, მაგრამ კონკრეტული გვარების დასახელებას ჯერ არ აპირებს. საბოლოო სია ერევნის ტურნირის შემდეგ გამოიკვეთება.
ოთარ მაღლაკელიძე







