ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დაწყებულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა და გერმანიასთან 75:89 დამარცხდა. ქართველებმა მეტოქის სერბეთში დაბდებული ცენტრი (2.13 სმ.) ბოგდან რადოსავლევიჩი ვერ გააჩერეს, რომელმაც 27 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
დავით უსტიაშვილის შეგირდებს შეხვედრის პირველ მეოთხედში მეტოქის 16-ქულიანი გაქცევა "გამოეპარათ" და მართალია, დარჩენილ დროში გერმანელებს ტოლსწორად ეთამაშნენ, საწყისი ჩავარდნის გადაფარვა ვეღარ მოახერხეს.
ქართველთაგან საუკეთესო ირაკლი მიქელაძე გახლდათ, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო, 10-ქულიან ზღვარს კი ვალერი კვანტალიანმა (15), რევაზ როგავამ (10) და კახაბერ ჯინჭარაძემაც (10) უწიეს.
უსტიაშვილის შეგირდები მეტოქეს მოხსნებში 30:39 ჩამორჩნენ, პასებში – 9:15, ორქულიანებში – 19:30, ხოლო საჯარიმოებში – 7:20. ერთადერთი, რაშიც ქართველებმა გერმანელებს აჯობეს, სამქულიანები იყო. საქართველოს ნაკრებმა 26-დან 10 შორეული ტყორცნა ჩააგდო, მეტოქემ კი – 18-დან მხოლოდ 3.
შეგახსენებთ, რომ ქართველი 20-წლამდელები A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც გერმანელთა გარდა, მეტოქეებად სერბეთი, ლიტვა და საბერძნეთიც ჰყავთ. საქართველოს ნაკრები მე-2 მატჩს 11 ივლისს ლიტველთა წინააღმდეგ ჩაატარებს.
ჯგუფის მოწინავე სამ გუნდში მოხვედრის შემთხვევაში, ქართველები მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ, უფრო რეალური კი ისაა, რომ ჩვენს გუნდს ელიტარულ დივიზიონში დარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს. ცნობისთვის, B დივიზიონში 3 უარესი გუნდი ვარდება.
20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. A დივიზიონი. ტალინი (ესტონეთი). A ჯგუფი. 150 მაყურებელი
გერმანია – საქართველო 89:75 (23:15, 24:14, 23:22, 19:24)
საქართველო: ორმოცაძე (12 წ.), მიქელაძე (31 წ. 19 ქ. 4 პ.), კვანტალიანი (29 წ. 15 ქ. 3 მ.), ცირეკიძე (25 წ. 8 ქ. 8 მ.), როგავა (25 წ. 10 ქ. 4 მ.); რამიშვილი (12 წ. 7 ქ.), ო.ფხაკაძე (20 წ. 3 მ.), თ.ფხაკაძე (6 წ.), გრძელიძე (4 წ.), გელაზონია (20 წ. 6 ქ.), ჯინჭარაძე (17 წ. 10 ქ.).
ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები