საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში განცდილი 2 მარცხის კვალად, ზედიზედ მე-4 გამარჯვება მიითვალა და თანაც მე-3 – დიდი ანგარიშით.
მაკედონიური ტურნირზე მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის მოთამაშე ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი მატჩი რუმინეთთან ჩაატარეს და მეტოქე 97:63 გაანადგურეს.
საინტერესოა, რომ გამარჯვებულთა რიგებში 20 და მეტი ქულა ერთბაშად სამმა მოთამაშემ მიითვალა. ლევან ბაბილოძემ და გიორგი ცირეკიძემ 21-21 ქულა ჩააგდეს, ლუკა ბულაშვილის მონაგარი კი 20 ქულა იყო.
ქართველთა უპირატესობა გაცილებით დიდი იქნებოდა, გუნდს ორ კომპონენტში ოდნავ უკეთესი მაჩვენებელი რომ ჰქონოდა. გია კაზანჯიანის შეგირდებმა 18-დან 3 სამქულიანი ჩააგდეს და 37-დან – 18 საჯარიმო.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა G ჯგუფში 3 მოგებით პირველი ადგილი დაიკავა და ახლა, ბრძოლას მეცხრე-მეთორმეტე პოზიციებისთვის გააგრძელებს. 29 აგვისტოს ქართველთა შემდეგი მეტოქე H ჯგუფის (ბულგარეთი, შვეიცარია, შვედეთი, ჰოლანდია) მეორეადგილოსანი იქნება.