საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა საკონტროლო მატჩები დაასრულა. გია კაზანჯიანის გუნდმა მიმდინარე მოსამზადებელი პერიოდის რიგით მე-9 მატჩში პორტუგალია დაძაბულ ბრძოლაში – 78:75 დაამარცხა და ბელგიის საერთაშორისო ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ლიეჟის საერთაშორისო ტურნირზე მასპინძელ ბელგიასთან დასანანად წაგების (61:68) შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია გაანადგურა – 91:62. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ისე სძლია, ერთი კარგი ვარჯიში გამოუვიდა.
ქართველებმა პირველი მეოთხედი 29:23 მოიგეს, ხოლო მეორეში მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და მატჩის ბედი ფაქტობრივად დიდი შესვენებისთვის გაარკვიეს. აღნიშნული ათწუთეული ქართველებმა 22:10 მოიგეს და პირველი ტაიმის შემდეგ 18 ქულით დაწინაურდნენ – 51:33.
კაზანჯიანს შესაძლებლობა მიეცა, ყველა მოთამაშე გამოეცადა და ასეც გააკეთა. მოედანზე ყველა კალათბურთელი გავიდა და სათამაშო დროც მეტნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. ყველაზე მეტი – 27 წუთი – ვილი ისიანმა ითამაშა, რომელიც 19 ქულით და 10 მოხსნით ქართველთაგან ყველაზე შედეგიანი გახლდათ.
10-ქულიან ზღვარს ისიანთან ერთად ლევან გოგალაძემ (14), ვიტალი ცქიფურიშვილმა (15), დავით ლიმიძემ (15) და გიორგი ცირეკიძემ (10) მიაღწიეს. ამ და საქართველოს ნაკრების დანარჩენი კალათბურთელების ძალისხმევით, ქართველებმა შვეიცარია საბოლოოდ 29 ქულის სხვაობით გაანადგურეს.
როგორც აღვნიშნეთ, ტურნირის დასკვნით შეხვედრაში პორტუგალიას სძლიეს, ბელგიამ სამივე მატჩი მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი შვეიცარიას ერგო, რომელმაც პორტუგალია 64:61 დაამარცხა.
ლიეჟის ტურნირის ბოლო მატჩში ქართველები გადაღლილები იყვნენ და პორტუგალიასთან თამაში გაუჭირდათ. ბოლო მეოთხედის წინ, პირინეელები 56:53 იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდში ქართველებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს. ბოლო პერიოდი კაზანჯიანის გუნდმა 25:19 მოიგო და ლიეჟის ტურნირი მასპინძლების ზურგსუკან, საპატიო მე-2 ადგილზე დაასრულა.
გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ლევან გოგალაძეს. ქართველთა გამთამაშებელმა ყველა კომპონენტში გამოიჩინა თავი. 24 ქულით იგი მატჩის ბომბარდირი გახდა და ამას გარდა, 5 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრაც მიითვალა. ტრადიციულად ორმაგი დუბლით გამოირჩა ვილი ისიანი, რომელის ანგარიშზეც 15 ქულა და 14 მოხსნა იყო. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა დავით ლომიძემ.
საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპის ცხრავე შეხვედრა სტუმრად გამართა და მათგან 6 გამარჯვებით დაასრულა. ამით ქართველებმა დიდი გამოცდილება მიიღეს კარსმომდგარი ევროპის ჩემპიონატის წინ. პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ბელგიაში დავუკავშირდით 16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს, რომელმაც განაცხადა:
“ევროპის ჩემპიონატისთვის საფუძვლიანად მოვემზადეთ. როგორც ამას წინათ აღვნიშნე, ნაკრების წევრებმა გასულ მატჩებში თითქმის ყველაფერი გამოსცადეს. 9 ამხანაგური მატჩი ძალიან სასარგებლო იყო და მჯერა, რომ ეს შედეგს გამოღებს. ბოლო 6 დღეში 5 მატჩი გავმართეთ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რადგან ევროპის ჩემპიონატზე 5 მატჩი მიყოლებით, ყოველდღე გვაქვს. ბიჭებმა უკვე გამოსცადეს ის გრაფიკი, როგორითაც ევროპის ჩემპიონატზე მოუწევთ თამაში“.
საქართველოს ნაკრები თბილისში 4 აგვისტოს დაბრუნდა, 7-ში გამთენიისას კი, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოსკენ აიღებს გეზს, სადაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის პირველობა გაიმართება. D ჯგუფში ქართველთა მეტოქეები ბელარუსი, უნგრეთი, ჩეხეთი, ავსტრია და ლუქსემბურგი იქნებიან. პირველი მატჩი 8 აგვისტოს ჩეხეთთან გახლავთ დაგეგმილი.
16-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი. ლიეჟი, ბელგია. 2 აგვისტო
შვეიცარია – საქართველო 62:91 (23:29, 10:22, 18:17, 11:23)
საქართველო: გოგალაძე (14), გოგობერიშვილი (5), ლომიძე (15ქ, 4მ, 4პ), გიორგაძე (1), ისიანი (19ქ, 10მ); ალიევი (4ქ, 4მ), კერესელიძე (2), ცქიფურიშვილი (15), თვალაბეიშვილი (4), ცირეკიძე (10), სხირტლაძე, აფხაზავა (2).
3 აგვისტო
პორტუგალია – საქართველო 75:78 (14:18, 20:17, 22:18, 19:25)
საქართველო: გოგალაძე (24ქ, 5პ), გოგობერიშვილი (9ქ, 4მ, 4პ), ლომიძე (16ქ, 5მ, 4ჩ), ალიევი (5ქ, 6მ), ისიანი (15ქ, 14მ); კერესელიძე (4), ცქიფურიშვილი (2), თვალაბეიშვილი, ცირეკიძე (1), გიორგაძე (2).
www.gbf.ge