წლის დასკვნითი სუპერტურნირის – კიუსიუს ბაშოს მე-4 დღე უაღრესად წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. პირველად მიმდინარე ტურნირზე, სამივე ქართველმა სეკიტორმა – ტოჩინოშინიმ, კოკაიმა და გაგამარუმ გამარჯვებები იზეიმეს.
ყველაზე მეტად ტოჩინოშინის შიკონათი მოასპარეზე 22 წლის ლევან გორგაძეს გაუმართლა, რომელსაც მე-3 მოგება სრულიად მოულოდნელად ერგო.
უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მე-8 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინის 169 სმ. სიმაღლის მქონე ტოიონოშიმას ჰატაკიმომი “გაეპარა”, თუმცა, წრეზე მსხდომმა მსაჯებმა შენიშნეს, რომ იაპონელი ქართველის სამურაის მაგეს მოეჭიდა და გამარჯვება სამართლიანადაც ჩამოართვეს.
გორგაძეს სადებიუტო მარცხის შემდეგ სამი გამარჯვება მოუგროვდა და რეიტინგში მხოლოდ სამ სეკიტორსღა ჩამორჩება. განვლილი დღეების უდანაკარგოდ გავლა მხოლოდ იოკოძუნებმა – ასაშორიუმა და ჰაკუჰომ და მე-9 მაეგაშირა იოშიკაძემ შეძლეს. ბულგარელმა გოლიათმა კოტოოშუმ პირველი მარცხი ექს-სეკივაკე ამინიშიკისთან განიცადა.
ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” მიმდინარე ნოემბრის ბაშოზე სამი მარცხის კვალად პირველ წარმატებას მიაღწია კოკაიმ იგივე ლევან ცაგურიამ. ქართული პროფესიონალური სუმოს პიოინერი 25 წლის ოს არანს მესამედ გადაეყარა და ერისკაცობაში ალან გაბარაევის სახელით ცნობილი მეტოქე იორიკირით დაამარცხა.
29 წლის კოკაიმ, რომელიც მე-10 მაეგაშირას წოდებით ირჯება, პირველივე წამებიდან მძლავრი მიძალება განახორციელა და მიგი-უვატეს (მეტოქის მავაშის დაჭერა მარცხენა ხელიდან) გაბური-იორი (ძალისმიერი მიწოლა) მიაყოლა. ახლა, ქართველი ოსს 2:1-ს უგებს.
ტურნირის მე-5 დღეს ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირა კიოკუტენჰოს (2 მოგება, 2 მარცხი) შეერკინება, კოკაის მეტოქე კი მე-13 მაეგაშირა მოკონამი იქნება, რომელსაც ზურგს 3 გამარჯვება უმაგრებს.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში ორი სასტარტო მარცხის შემდეგ, წყვილი გამარჯვება იზეიმა გაგამარუს სახელით ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. 183-კილოგრამიან ქართველს შირონონამის მოროძასი (ორივე ხელიდან კორპუსში შესვლა) კი “გაეპარა”, თუმცა, მარჯვენა ხელიდან მეტოქის კოტენაგეთი წაქცევა მაინც მოახერხა.
მე-14 რეიტინგის მქონე გაგამარუს 2 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა, დადებით ბალანსზე გასვლას კი მე-9 ნომერ ვაკაკოიუსთან შერკინებაში ეცდება. ამ უკანასკნელს 4-დან 3 ბრძოლა აქვს მოგებული.
ერთადერთი სეკიტორი, რომელსაც ძურიოში მარცხის სიმწარე არ უგემნია, მაკუუჩიდან დაქვეითებული ფუტენო (მე-2 ნომერი) გახლავთ.
კიუსიუს ბაშო, ტრადიციულად 15 დღეს გასტანს და 29 ნოემბერს დასრულდება.
დათო მანჯავიძე







