15 დეკემბერს ქართველი წყალში მხტომელები ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილი უკრაინაში გაემგზავრებიან და A კატეგორიის ტურნირში გამოვლენ, რომელსაც ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია ატარებს.
შეჯიბრი 16-20 დეკემბერს კიევში უფროსი ასაკის სპორტსმენებში ტარდება და მასში ბედს 12 ქვეყნის წყალში მხტომელები ცდიან. დელეგაციების დაფინანსება საკუთარ თავზე უკრაინის ფედერაციამ აიღო.
კიევში ჭანტურიას და კორახაშვილს საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის გენერალური მდივანი ირაკლი ბართაია გაჰყვება, რომელმაც სპორტსმენთა მომზადების დონეზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: “უკრაინაში ორივე წყალში მხტომელი რთული პროგრამით გამოვა. ტურნირის დაწყებამდე მცირე დრო დარჩა და შევეცდებით, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. თუ ეს პროგრამა გაამართლებს, მაშინ სინქრონშიც შევეცდებით მის მოსინჯვას“.







