საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველივე მატჩი, E ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერ ჩეხეთის ნაკრებთან 11-ქულიანი გამარჯვებით დაამთავრა _ 73:62.
მატჩის შემდეგ, ქართველი კალათბურთელები ერთხმად აღიარებდნენ, რომ დასახული მიზანს მიაღწიეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
ვიქტორ სანიკიძე: კმაყოფილები ვართ გამარჯვებით, ჩემ თამაშს რაც შეეხება ტრავმის გამო ბევრი ვარჯიში გავაცდინე და არაუშავდა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რათა ამ სიცხეში მოსვლა და მხარდაჭერა არ დაიზარა.
დუდა სანაძე: ძალიან ძლიერ მეტოქე გვყავდა და ძაან მომზადებული ვიყავით. რაც მთავარია დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. პირადად მე მატჩი კარგად ჩავატარე და ენიტ აღუწერელ გრძნობას განვიცდი.
თორნიკე შენგელია: კმაყოფილები ვართ მოგებით და მომავალ მატჩს კარგი განწყობით შევხვდებით. რა თქმა უნდა, ხარვეზები გვქონდა და შევეცდებით მომავალ შეხვედრაში მინუსები აღმოვფხვრათ.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ დავით უსტიაშვილმა, მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ნაკრებმა საბოლოო ჯამში კარგი თამაში აჩვენა:
"გუნდმა, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში სხვადასხვა ვარიანტებით ითამაშა და ამან გაამართლა. ნაკრები ჩეხეთის სერიოზულ გუნდთან დიდი ხანი ემზადებოდა და შევძელით პირველი საპასუხისმგებლო მატჩის მოგება."
მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მნიშვნელოვანი დანაკლისით შეხვდა. გუნდს შესარჩევ ეტაპზე რიკი ჰიკმანი და მანუჩარ მარკოიშვილი ვერ დაეხმარება, ხოლო გიორგი შერმადინმა, შესაძლოა ბოლო ორი მატჩი ითამაშოს. ნაკრების ერთ-ერთი ლიდერები სპორტის სასახლეში იმყოფებოდნენ და ეროვნულ ნაკრებს გულმხურვალედ ქომაგობდნენ.
მანუჩარ მარკოიშვილი: ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, გუნდური თამაში იყო და რაც მთავარია, შეცვლაზე შემოსულმა კალათბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. გუნდი დაცვაშიც ყოჩაღობდა, დარწმუნებული ვარ შემდეგი თამაშისთვის ბიჭები უფრო თავდაჯერებულები იქნებიან და საბოლოოდ, ჯგუფში პირველ ადგილზე გავალთ.
გიორგი შერმადინი: მართლაც რთული და კარგი თამაში გამოვიდა. ვიცოდით, რომ ჩეხეთი რთული მეტოქე იქნებოდა და ყველამ ერთად შეძლო მოგება. ვიმედოვნებ, უნგრეთთანაც გამარჯვებას მოვიპოვებთ.
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სასტარტო მატჩში გამარჯვება კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემაც შეაფასა:
"პირველი თამაში ყოველთვის ძნელია, მითუმეტეს როცა სახლში თამაშობ გულშემატკივრების წინაშე და ამხელა პასუხისმგებლობას გრძნობ. ძირითადი მოთამაშეებიც გვაკლდა და გუნდმა ამ სქემით პირველად ითამაშა. რაც მთავარია ნაკრებმა გაამართლა, მოგება შეძლო და ვიმედოვნებ, მომავალშიც ასე გაგრძელდება."
ამრიგად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, შესარჩევი პირველი მატჩი, ქართველი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვებით დაასრულა. ქართველ კალათბურთელებს მომავალი დაპირისპირება 13 აგვისტოს, უნგრეთში, ამავე ქვეყნის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ელის. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
გიორგი ბალახაძე