სტატიები

17:45 | 21.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

“ქართველი გარინჩა”

კიდევ ერთხელ გაგვახარეს ჩვენმა რაგბისტებმა. რუსეთთან მორიგი მატჩის წინ, ეჭვი არავის გვეპარებოდა, ქართველი მორაგბეები ჩრდილოურ “დათვს” რომ ღირსეულად “დატორავდნენ”. საამისოდ მრავალი არგუმენტის მოყვანა შეგვეძლო, ჩემი აზრით კი, უმთავრესი ის გახლდათ, სოჭში, რუსებს სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე რომ ვეთამაშებოდით. ქართველებს ამ სარბიელზე წაფორხილების უფლება არ გვქონდა და ჩვენი ქვეყნის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენს, მორაგბეებმა ღირსეული პატივი  მორიგი გამარჯვებით მიაგეს.
უკვე 40 წელია, სლავა მეტრეველი მინდორზე სათამაშოდ არ გადის, მაგრამ დღემდე, როგორც კი რომელიმე ფეხბურთელი შეტევის ფრთაზე კარგად იასპარეზებს, ხანში შესული გულშემატკივარი უმალ წამოიძახებს, “შეხედეთ, სლავასავით არ ითამაშა”! არადა, სოჭში დაბადებულ-აღზრდილი მეტრეველი (მისი მამა - კალისტრატე ონის რაიონიდან იყო) ადრეულ ასაკში “შეუიარაღებელი თვალისთვის” ერთი შეხედვით განსაკუთრებული საფეხბურთო მონაცემებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მწვრთნელებს არ გამოეპარათ, საოცრად სწრაფი და მოქნილი რომ იყო. ამასთან, 170 სმ სიმაღლის სლავა, 180-ზე გადებულ თამასას თავისუფლად ევლებოდა. ამის გამო, მას არაერთხელ გაუტანია თავით არაერთი მნიშვნელოვანი და ლამაზი გოლი. მეტრეველის მრავალმხრივ ნიჭიერებას შორის კი, ყველაზე მნიშვნელოვანი “აბსოლუტური საფეხბურთო აზროვნება” გახლდათ. სლავას ყოველთვის გამახვილებული “სათამაშო გემოვნება” ჰქონდა და ხშირად ცალკეულ ეპიზოდებში მოვლენათა ეპიცენტრიდან გარიდებულსაც კი შეხვედრის მსვლელობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოუხდენია. ამის ყველაზე ნათელი დადასტურება 1964 წლის 18 ნოემბრის “ოქროს მატჩია”. როდესაც ბრწყინვალე ტაქტიკოსმა შეატყო, რომ მიხეილ მესხს, ილია დათუნაშვილს, შოთა იამანიძეს, ვლადიმერ ბარქაიას ლამის ყველაფერი გამოსდიოდათ, თითქოს “ჩრდილში მოექცა” და პარტნიორებს სრული თავისუფლება მისცა, მაგრამ თავად ტაშკენტის მატჩის გმირები და ასევე ქართული ფეხბურთის მრავალრიცხოვანი ქომაგები ერთხმად აღიარებენ, კონკრეტულად იმ ასპარეზობის ტრიუმფულად დასრულებაში სლავა მეტრეველს არავისზე ნაკლები წვლილი არ მიუძღვისო. მთელი 1964 წლის ჩემპიონატის განმავლობაში კი, სწორედ დინამოელთა მარჯვენაფლანგელი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც “ოქროს სეზონის” პირველივე მატჩებიდან მოყოლებული თანაგუნდელებს არწმუნებდა, წელს პირველობას ვერავინ შეგვეცილებაო.
მომთხოვნი და მაღალი საფეხბურთო გემოვნების მქონე ბრაზილიური ტორსიდა, “თავისიანად” რომელიმე უცხოელ ფეხბურთელს მხოლოდ განსაკუთრებულ, იშვით შემთხვევაში თუ მიიჩნევს. ერთ-ერთი ამგვარი გამონაკლისი სლავა მეტრეველია. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი შთაბეჭდილება უნდა დაეტოვებინა დღევანდელ პენტაკამპეონთა გულშემატკივრებზე ქართველ გარემარბს, ნებისმიერი ბრაზილიელისთვის სათაყვანებელი მოთამაშისთვის შეედარებინათ და სლავასთვის “გარინჩა სოვიეტიკო” შეერქვათ...
1956 წელს გამოჩნდა სლავა მეტრეველი მოსკოვის “ტორპედოს” რიგებში და მის მიერ ჩატარებული პირველივე მატჩებიდან, მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის აქტუალური გახდა მისი თბილისის “დინამოში” გადმოყვანა. საბჭოთა სპორტული ბიუროკრატიული აპარატი ამას ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, საბოლოოდ სლავას თბილისურ გუნდში ასპარეზობის საკითხი მაინც დადებითად გადაწყდა და მარჯვენა გარემარბმა დინამოელთა ღირსების დაცვა 1963 წლიდან დაიწყო. იმ დროისთვის სლავა უკვე მსოფლიოში აღიარებული ოსტატი გახლდათ. 1960-ში მან საკავშირო დუბლი მოიპოვა, იმავე წელს კი, ევროპის თასის (კონტინენტის პირველი ჩემპიონატი) ფინალში იუგოსლავიას გოლი გაუტანა, რომლითაც წინასამატჩო სტატუს-კვო აღადგინა, შემდეგ კი მიშა მესხმა ბურთი თავზე დაასვა ვიკტორ პონედელნიკს და გავრილ კაჩალინის მიერ გაწვრთნილი გუნდი “ძველი კონტინენტის” უძლიერესი ნაკრები გახდა. თუკი სსრკ-იუგოსლავიის გადამწყვეტი შეხვედრის ჩანაწერს იხილავთ, თავად დარწმუნდებით, რა დონის ფეხბურთელი იყო სლავა მეტრეველი და ვეჭვობ, თანამედროვე გარემარბთაგან მას რომელიმე სჯობდეს.
ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, თბილისის “დინამოსთან” ადაპტირება ნებისმიერი დიდოსტატისთვის ურთულეს საქმეს წარმოადგენდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კლუბის ისტორიაში სლავა მეტრეველი მეორე მოთამაშე აღმოჩნდა (პირველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ვიკტორ ბერეჟნოი იყო), რომელიც ქართული საფეხბურთო სკოლის აღზრდილი არ იყო. თავად სლავა იხსენებდა, რომ ახალ პარტნიორებთან “საერთო ენის” გამონახვა არ გასჭირვებია. “დინამოს” რიგებს იმხანად მიშა მესხი, გივი ჩოხელი, ზაურ კალოევი, ვლადიმერ ბარქაია, შოთა იამანიძე, გიორგი სიჭინავა, ილია დათუნაშვილი, სერგო კოტრიკაძე, მურთაზ ხურცილავა იცავდნენ. მეტრეველი ორგანულად ჩაეწერა ახალ კოლექტივში და რომ აღარაფერი ვთქვათ სათამაშო პოტენციალზე, გუნდის საბრძოლო სული საგრძნობლად აამაღლა.
სლავა მეტრეველი უნივერსალური ტიპის ფეხბურთელი გახლდათ. როდესაც “დინამოდან” “დიდი თავბურთელის”, ზაურ კალოევის წასვლის დრო დადგა, გუნდი, პრაქტიკულად, სათანადო კლასის ცენტრფორვარდის გარეშე დარჩა. მწვრთნელებსაც ბევრი არ უფიქრიათ და ამ პოზიციაზე მარჯვენაფლანგელი გადაისროლეს. მას შემდეგ სლავა მეტრეველს რამდენიმე პოზიციაზე მოუწია თამაში და როგორც ინსაიდის, ასევე ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციებს, იგი ერთნაირი წარმატებით, ეფექტურად ასრულებდა. რვა სეზონის განმავლობაში თამაშობდა სლავა მეტრეველი თბილისის “დინამოში” და 1971 წლის ჩათვლით, გუნდის მიერ მოპოვებული ტიტულები უპირველესად მის სახელს უკავშირდება. როდესაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა შოთა იამანიძემ, ავტომატურად გადაწყდა, თუ რომელ პარტნიორს გადასცემდა “ოქროს თაობის” კაპიტანი სამკლავურს. ხუთი სეზონის განმავლობაში იყო სლავა მეტრეველი “დინამოს” ჭეშმარიტი წინამძღოლი მინდორზე და გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეების ჩამოყალიბების საქმეშიც დიდი წვლილიც შეიტანა. სწორედ კაპიტნის პირადი მაგალითითა და დარიგებებით დაფრთიანდნენ გოჩა გავაშელი და კახი ასათიანი, მანუჩარ მაჩაიძე და გივი ნოდია, დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევი... მოგვიანებით კი, მეტრეველი ნოდარ ახალკაცის თანაშემწედ დაინიშნა და “დინამოს” მწვრთნელის რანგში მყოფმა ერთი ოცნებაც აისრულა – თბილისში მოთამაშეობისას სლავას საკავშირო თასი არ მოუპოვებია (1970 წლის ფინალში, მოსკოველ თანაკლუბელებთან 1:2 დავმარცხდით), 1976 წლის 3 სექტემბერს კი ერევნის “არარატს” 3:0 ვძლიეთ და ბროლის თასზე თბილისის “დინამოს” სახელიც ამოიტვიფრა.
სლავა მეტრეველს უამრავი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომელთა მსვლელობისას ევროპელი თუ სამხრეთამერიკელი ქომაგები აღტაცებაში მოუყვანია. თავად კი, უპირველესად, სამ მატჩს გამოჰყოფდა. 1960 წლის ევროპის თასის ფინალში საბჭოთა ნაკრები იუგოსლავიასთან 0:1-ს აგებდა. სამხრეთსლავებს იმხანად ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავდათ, ამიტომაც გაშვებული ბურთის შემდეგ კაჩალინის გუნდმა გარკვეული სათამაშო დროის განმავლობაში ფარ-ხმალი დაყარა და რომ არა მეტრეველის გოლი (სლავამ მახვილი კუთხიდან შესრულებული ოსტატური დარტყმით, იუგთა გამოცდილი მეკარე ვიდინიჩი უმწეო მდგომარეობაში ჩააგდო), ასპარეზობის ჩარხის წაღმა შეტრიალება ძალიან გაჭირდებოდა. პარიზის “პარკ დე პრენსის” სტადიონზე ჩატარებულ გადამწყვეტ პაექრობაში, სლავასთან ერთად, საუკეთესოები მიშა მესხი (მის პასზე უკვე მოგახსენეთ), ვიკტორ პონედელნიკი და გივი ჩოხელი იყვნენ. მეორე დასამახსოვრებელი მატჩი კი, ბუენოს აირესის “რივერ პლეიტის” სტადიონზე, კონტინენტის პირველობის ფინალიდან ორიოდე წლის შემდეგ ჩატარდა. სლავამ (მიშა მესხთან ერთად) არგენტინელ გულშემატკივრებზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მსაჯის საფინალო ნიშნისთანავე ისინი მინდორზე შეიჭრნენ და ქართველ გარემარბს გარს შემოერტყნენ. სლავას მათი საუბრისა არაფერი ესმოდა და გვარიანად შეშინდა კიდეც. ქომაგები სლავას მაისურზე ქაჩავდნენ და თურმე სპორტული ეკიპირების “დათმობას” სთხოვდნენ. გულშემატკივართა ალყისგან მეტრეველი პოლიციელმა იხსნა. მან სლავა “სამშვოდობოს” გაიყვანა და როდესაც დაიმარტოხელა, მაისურის გახდა მეტრეველს თავად წესრიგის დამცველმა მოსთხოვა – იმდენად კარგად ითამაშე, შენი ფორმა ჩემთვის საოჯახო რელიქვია გახდებაო. 1968 წელს კი, სლავა მეტრეველი მსოფლიოს (ფიფას) ნაკრებში გამოიძახეს და იგი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ესოდენ პატივი ხვდა წილად (ფიფას გუნდში თამაშს ვგულისხმობთ, თორემ მიწვევით, 1963 წელს “მსოფლიოს ნაკრებში” მიშა მესხსაც დაუძახეს, მაგრამ ცნობილი მიზეზის გამო, ლეგენდარული 11 ნომერი ლონდონში არ გაუშვეს).
უკურნებელი სენით დაავადებული სლავა მეტრეველი, 1998 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა, მისი თამაშის გახსენებისას კი ფეხბურთი უფრო ჰაეროვანი, ამაღლებული, ლამაზი და მიმზიდველი ხდება...
და ბოლოს – ვფიქრობთ, მთელი ქართული სპორტული საზოგადოების აზრს და სურვილს გამოვხატავთ, თუკი დიდი ქართველი ფეხბურთელის სახელის უკვდავსაყოფად, რომელიმე სპორტულ არენას მის სახელს მივანიჭებთ, სლავა მეტრეველის ბიუსტი კი ეროვნულ სტადიონზე, ბორის პაიჭაძისა და ავთანდილ ღოღობერიძის ქანდაკებათა გვერდით დაიდგმება.


გოჩა კაჭარავა


 

0.166512