საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრ პაატა მერებაშვილს (60 კგ) ევროპის 23-წლამდე ძიუდოისტთა ჩემპიონატზე ოქროს მედალს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ანთალიაში მიმდინარე ევროპირველობაზე, ქართველმა ძიუდოისტმა 4 გამარჯვება მოიპოვა და გადამწყვეტ ბრძოლაში რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძეს დაუპირისპირდება.
დღესვე, მედლისთვის ქართული გუნდის კიდევ ერთი წევრი - ზურაბ შარვაშიძე (66 კგ) იჭიდავებს. ოქრო-ვერცხლის შანსი მან მეოთხედფინალურ ეტაპზე დაკარგა, შემდეგ კი რეპეშაჟში ერთი შეხვედრა მოიგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბელარუს დმიტრი შერშანს დაეჭიდება.
დღეს, მედლები თამაშდება ქალთა 3 წონით კატეგორიაშიც – 48, 52 და 57 კილოგრამებში. ქართველებმა კი ჩემპიონატი თითო შეხვედრით დაასრულეს. დარინა აბულაძე (48 კგ) ჰოლანდიელ ბირგიტ ენტესთან დამარცხდა, ნათია როსტომაშვილი (52 კგ) და სოფიო ბერიძე (57 კგ) უკრაინელ მეტოქეებს – ილგა სუხასა და ალიონა საიკოს ვერ გასცდნენ.
ოთარ მაღლაკელიძე







