საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ლიტვაში მიმდინარე ევრო-2013-ზე გამოსვლა დაასრულა. გია ცეცაძის შეგირდებმა ჯგუფში ბოლო მატჩი თურქებთან ორბურთიანი სხვაობით წააგეს და ერთი ქულით ბოლო ადგილზე გავიდნენ. მართალია, შეხვედრაში ანგარიში ქართველებმა გახსნეს, მაგრამ ამის შემდეგ სულ თურქები ლიდერობდნენ და ოქან ბუქურის გუნდმა დასკვნით ტურში დაგეგმილი 3 ქულა აიღო.
ავთო ენდელაძემ მეტოქის კარი თამაშის დებიუტშივე დალაშქრა. თუმცა, ქართველმა მცველებმა ვერაფერი მოუხერხეს ოქან დენიზს, რომელმაც ორწუთიან ინტერვალში დუბლი მიითვალა. პირველი ტაიმის შუაწელში ნიკა კაჭარავას თანაფარდობის აღდგენის შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტის შესრულებისას თურქების მეკარეს ვერ აჯობა.
კაჭარავამ თავისი გოლი მაინც გაიტანა, როდესაც მე-2 ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში ანგარიში გაათანაბრა. საქართველოს ნაკრებს მეტის გასაკეთებლად ძალა აღარ ეყო და საკუთარ კარში ორი გოლი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ 76-ე წუთზე დავით მთივლიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ცეცაძის გუნდმა მატჩი 10 ფეხბურთელით დაასრულა.
აქვე გეტყვით, რომ პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში საფრანგეთი სერბეთს დაუზავდა (1:1) და მეტოქეს ნახევარფინალში გაჰყვა.
საქართველო – თურქეთი 2:4 (1:2)
საქართველო: მიქავა, მთივლიშვილი, ჭანტურია (ცნობილაძე, 38), დვალი, სანდოხაძე (კ), უბილავა (ზივზივაძე, 74), სამუშია (ზარანდია, 59), ენდელაძე, მარკოზაშვილი, ფანცულაია, კაჭარავა.
მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე
თურქეთი: პირი, იაზიჩი, ჩინემრე, ჩალიკი, უჩანი, შაჰინი (გიუვენი, 82), იოკუშლუ (კ), ნიუაზი, აიდინი (ქოშკუნი, 59) თუფანი, დენიზი (ბაკიში, 84).
მთავარი მწვრთნელი: ოქან ბურუქი
გოლი: 1:0 ენდელაძე (3), 1:1 დენიზი (16), 1:2 დენიზი (18), 2:2 კაჭარავა (50), 3:2 ნიუაზი (58), 4:2 შაჰინი (80).
გაფრთხილება: მთივლიშვილი (22), ჩალიქი (23), უბილავა (25), მთივლიშვილი (76), გიუვენი (90+2)
გაძევება: მთივლიშვილი (76)
28-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ პენალტი ვერ გამოიყენა.
მთავარი მსაჯი: გედიმინას მაჟეიკა (ლიტვა)
1 | სერბეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 2:2 | 7 |
2 | საფრანგეთი | 3 | 1 | 2 | 0 | 2:1 | 5 |
3 | თურქეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 6:6 | 3 |
4 | საქართველო | 3 | 0 | 1 | 2 | 2:5 | 1 |