ფეხბურთი

19:58 | 18.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 19 წლამდელები პირველ ადგილზე, ჰოლანდია ელიტრაუნდს მიღმა

2012 წლის 13 მაისს, ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში ჰოლანდიასთან 0:1 წააგო. იმ გუნდიდან ჰოლანდიელ 19-წლამდელებს თბილისში 6 ფეხბურთელი ჩამოჰყვა, ხოლო მთავარი მწვრთნელი კვლავ ვინ ვამ ზვამი იყო.

მართალია, ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ქართველებს ბოლო ტურში ფრე ჰყოფნიდათ, მაგრამ ტურნირის მასპინძლებმა გამარჯვებაზე ითამაშეს და სრულფასოვანი რევანში აიღეს. ეს არ იყო შემთხვევითი მოგება, ვინაიდან მანამდე ჩატარებული ორი მატჩის მსგავსად მაისურაძის შეგირდები კვლავ პირველ ნომრად ითამაშეს და დამსახურებულად მოიგეს.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში უელსმა მოლდოველ თანატოლებს 6:0 სძლია და ჰოლანდია ჯგუფში დარჩა. საქმე ისაა, რომ ჰოლანდია ტურნირზე 4 გოლი გაიტანა და 2 მიიღო. უელსელებმა მეტოქის კარი 7-ჯერ აიღეს და 5 გოლი გაუშვეს. ჰოლანდიასა და უელსს 4-4 ქულა დაუგროდათ და ერთმანეთში უგოლო ფრე ითამაშეს.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების,  ურთიერშეხვედრებში ნაჩვენები ერთნაირი შედეგისა და გატანილ-გაშვებული ბურთების ერთნაირი სხვაობის დროს, უელსს უპირატესობა იმიტომ მიენიჭა, რომ  სამ მატჩში ჰოლანდიაზე მეტი გოლი გაიტანა.

ჰოლანდიელებთან მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც მალე გაიხსნა. მე-10 წუთზე, ილია კერძევაძემ საჯარიმოში ბურთი კარგად “დაუტოვა” ლუკა კიკაბიძეს, რომელმაც სისწრაფეში ორ მცველს აჯობა და მის მიერ დარტყმული ბურთი ჰოლანდიელთა მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ გიორგი პაპუნაშვილს მიუვიდა, რომელმაც ერთი მოძრაობით მეტოქის ჩამოცილების მერე გაიტანა – 1:0.

23-ე წუთზე, კიკაბიძე მოწინააღმდეგის საჯარიმოში ერთ მცველს გასცდა და დაარტყა – ბურთი მეორე ჰოლანდიელის ფეხს შეეხო და კარს მცირე მანძილით აცდა.

23-ე წუთზე, გიორგი აბურჯანია – კიკაბიძე – ლუკა ზარანდიას “სამსვლიანის” შემდეგ, ამ უკანასკნელმა დაარტყა, მაგრამ ოდნავ უზუსტოდ. მე-40 წუთზე, კლინტ ლემანსმა ბურთი ქართველების საჯარიმოში მარცხნიდან “გახსნილ” რიჩაირო ჟივკოვიჩს “შეაყოლა”, რომელმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა და ბექა ქურდაძემ თანაგუნდელები გოლის გაშვებისგან იხსნა. 44-ე წუთზე, საჯარიმოს ფარგლებს გარედან ზარანდიას დარტყმის შემდეგ, ნიკ ოლიიმ ბურთი ხელებში დააფიქსირა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, ოთარ კაკაბაძემ დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხელი ვერ შეუშალა ბილალ ბასაჩიქოღლუს, რომლის ჩამოწოდების შემდეგ, ბურთს ვერც ქურდაძე მისწვდა და ჟივკოვიჩმა თავით თანაფარდობა აღადგინა – 1:1.

49-ე წუთზე, ზარანდიამ მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და მისი დარტყმის მერე, ბურთი კარს ზემოდან გადაცდა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, კიკაბიძე მარცხენა ფლანგზე სიტუაციაში კარგად გაერკვა და საუცხოო პასი მისცა კერძევაძეს, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ დარტყმა დაახანა და ფეხებში იორიტ ჰენდრიქსი ჩაუვარდა.

მალევე, კერძევაძემ საშუალო მანძილიდან ძლიერად, თუმცა არაზუსტად დაარტყა. 52-ე წუთზე, აბურჯანიამ მოედნის ცენტრიდან შეტევა წამოიწყო და პარტნიორის მისამართით გადაცემა დააპირა, მაგრამ ჰოლანდიელის ფეხიდან ბურთი კვლავ მას მიუვიდა, რის შემდეგ, საჯარიმოში შეჭრილმა ახლო კუთხეში გაიტანა.

63-ე წუთზე, მარცხნიდან მარჯვენა ფლანგზე გადმონაცვლებულმა ბასაჩიქოღლუ შეტევის მარჯვენა ფლანგზე გიორგი თევზაძეს გაცდა, საჯარიმოში შესულმა ალექსანდრე გურეშიძე მოიტოვა და პასი შორეულ ძელთან გააკეთა, მაგრამ ქართველმა მცველმა ბურთი მოიგერია, რომელიც რიჩედლო ბაზოერს მიუვიდა, ხოლო ახლო მანძილიდან ჰოლანდიელს ქურდაძემ არ გაატანინა. 89-ე წუთზე, მარცხენა ფრთიდან ლემანის ჩამოწოდების მერე, ქართველების საჯარიმოში ბურთი ბასაჩიქოღლუს მოივიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან შეუჩერებლად უხეიროდ დაარტყა.

ვიმ ვან ზვამი: “ჩემს გუნდს არაფერი დამართნია. მოხდა ის, რომ თამაში წავაგეთ, ხოლო უელსმა მოლდოვა 6:0 დაამარცხა და ელიტრაუნდის მიღმა დავრჩით. ბიჭები გულგატეხილები არიან. შეგვეძლო 2:2 გვეთამაშა და გადავრჩებოდით. ფეხბურთში გოლები მნიშვნელოვანია. საქართველომ გაიტანა, ხოლო ჩვენ ვერც ამ თამაშში და ვერც უელსთან საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. ჯერ კიდევ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან გვახსოვს, როდესაც 10 ფეხბურთელით 79-ე წუთამდე გვებრძოდა. ამ გუნდს ვიცნობდით და თვალს ვადევნებდით. მინდა აქცენტი მეორე გოლზე გავამახვილო. ქართველმა ფეხბურთელმა ნახევარი მოედანი ისე გაიარა, რომ ხელი ვერ შევუშალეთ. ასეთ დონეზე მსგავსი რამ არ უნდა მოხდეს. თუმცა, ეს ახალგაზრდული ფეხბურთია და საქართველო დღეს უფრო ძლიერი იყო”.

ვასილ მაისურაძე: “მადლობა ბიჭებს, ჩემ გვერდით მდგომ ადამიანებს, მერაბ კაციტაძეს და მთლიანად სტაფს. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ კარგად ვითამაშებდით. დასახულმა მიზანმა ფრთები შეისხა. თამაშის გაუმჯობესების რესურსი გვაქვს. ჰოლანდია ევროპული ფეხბურთის ფლაგმანია და მისი დამარცხება იოლი არაა. ესაა მთლიანად საქართველოს წარმატება, ჩვენი ფეხბურთის წარმატება და ქართული ფეხბურთის თამასამ მაღლა აიწია. ვისარგებლებთ შემთხვევით და ვიტყვი, რომ ტურნირის დაწყებამდე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიგვიღო და დაგვლოცა. ყველაფერი ადამიანის ნებით და ღვთის მადლით ხდება. ჯგუფში ორი გამარჯვების შემდეგ, ვიცოდი, რომ ჰოლანდიას მოვუგებდით”.

მათე ცინცაძე: “მადლობა ვასილ მაისურაძე, ბიჭებს და მთლიანად საქართველოს. გამარჯვებისთვის ვემზადებოდით, მოედანზე 100 პროცენტით მობილიზებულნი გავედით და ჰოლანდია ჯგუფში დავტოვეთ”.

საქართველო – ჰოლანდია 2:1 (1:1)

18 ნოემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ჭანტურია (კ), ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი (გოროზია, 70), კიკაბიძე (ახვლედიანი, 86), თევზაძე (სამხარაძე, 90+3), ზარანდია, კერძევაძე.

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

ჰოლანდია: ოლიი, კარსდორპი, ლუკასენი, ჰენდრიქსი (კ), რიდეველდი (ჰესაკერსი, 64), ბაზოერი (ვლოეტი, 71), ბასაჩიკოღლუ, ლემანსი, ჟივკოვიჩი, კაბრალი, სანო (აკოლასტე, 57).

მთავარი მწვრთნელი: ვიმ ვან ზვამი.

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (10), 1:1 ჟივკოვიჩი (45), 2:1 აბურჯანია (52).

გაფრთხილება: ბაზოერი (56), ლუკასენი (65), თევზაძე (80), აბურჯანია (81), ლემანსი (81), ცინცაძე (90+1).

მთავარი მსაჯი: მიროსლავ ზელინკა (ჩეხეთი).

 

 1.       საქართველო              3       3       0        9:2        9    
 2.  უელსი  3  1  1  7:5    4
 3.  ჰოლანდია  3  1  1  4:2    4
 4.  მოლდოვა  3  3  0  0:11    0
0.127786