საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები, რომელიც ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახვარფინალში ვერ გავიდა, V-VIII ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო და პირველი შეხვედრა ინგლისთან 52:80 (10:14, 14:26, 14:22, 10:18) წააგო.
გია კაზანჯიანის გუნდი ბრიტანელებთან ისე დამარცხდა, წარმატების შანსი არც ჰქონია. ქართველებმა პირველი მეოთხედი 10:14 დათმეს, მეორე ათწუთეულიდან მოყოლებული კი ინგლისელებმა მატჩზე სრული კონტროლი დააწესეს და დიდი შესვენებისთვის 40:24 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა და ბრიტანელები გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ.
ინგლისელებს აფრიკული წარმოშობის აკვასი იებოამ ულიდერა, რომელმაც 21 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. ქართველებში 15 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო ლევან გოგალაძე იყო, ხოლო გიორგი თვალაბეიშვილმა 14 ქულა მიითვალა. ისიც ვთქვათ, რომ ინგლისელებმა 65 მოხსნა (!) მოაგროვეს და აქედან 31 (!) მეტოქის ფარზე.
საქართველოს ნაკრები ტურნირის ბოლო მატჩს 18 აგვისტოს 15:30 საათზე ჩაატარებს. მე-7 ადგილისთვის მატჩში ქართველებს მაკედონიას შეხვდებიან, რომელიც გუშინ ჩეხეთთან 75:82 დამარცხდა.