კალათბურთი

22:12 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 16-წლამდელები A დივიზიონისთვის ბრძოლას აგრძელებენ

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის სტარტზე 2 მარცხი განიცადა, თუმცა, შემდეგ მიჯრით 3 გამარჯვება იზეიმა და ელიტარული A დივიზიონის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ტურნირის სტარტზე გია კაზანჯიანის შეგირდებმა ჩეხეთთან (51:52) და უნგრეთთან (59:63) წააგეს, რასაც წარმატებული სერია მიაყოლეს: ლუქსემბურგთან (83:39), ბელარუსთან (74:66) და ავსტრიასთან (81:65).

გადამწყვეტი ავსტრიელებთან გამარჯვება გამოდგა, რომელსაც ქართველებმა 16 ქულის სხვაობით კი სძლიეს, თუმცა, თამაში იოლად ნამდვილად არ წარმართულა. მეტოქემ გაცილებით ყოჩაღად დაიწყო და პირველი ტაიმი 7 ქულის სხვაობით (40:33) მოიგო, თანაც, საქართველოს ნაკრები წინ ერთხელაც არ გასულა.

შეხვედრაში გარდატეხა მე-2 ტაიმში მოხდა, რომელიც ქართველმა 16-წლამდელებმა 25:11 მოიგეს, ჯამში კი მე-2 ნახევარში მეტოქე 48:25 გაანადგურეს. გამარჯვებულთაგან 19-19 ქულა ლევან გოგალაძემ და ვიტალი ცქიფურიშვილმა მიითვალეს, ვილი ისიანმა უკვე ტრადიციული ორმაგი დუბლი (13 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულა, გიორგი ცირეკიძის მონაგარი 10 ქულა იყო, ლუკა გიორგაძემ 9 ქულა ჩააგდო, დავით ლომიძემ კი – 8. მოკლედ, ქართველებმა გუნდური თამაშის ხარჯზე იმარჯვეს.

აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებმა მეტოქის 7 ჯარიმის საპასუხოდ ერთბაშად 37 (!) საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც მხოლოდ 20 გამოიყენა, თორემ თამაშის ბედს სათავისოდ გაცილებით ადრე და იოლად გადაწყვეტდა.

3 მოგებით და 2 მარცხით საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი ჩეხეთი გახდა, რომელსაც ლუქსემბურგთან მატჩი ჯერაც წინ აქვს, თუმცა, მისი შედეგის მიუხედავადაც პირველი ადგილი გარანტირებული აქვს.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ელიტის საგზურისთვის ბრძოლის უფლება ჯგუფების ორ-ორმა საუკეთესო გუნდმა მიიღო. A ჯგუფიდან მოწინავენი ფინეთი (5 მოგება) და მაკედონია (3 მოგება, 2 მარცხი) იყვნენ, B-ში კი სლოვენიამ (4 მოგება) და ინგლისმა (3 მოგება, 1 მარცხი) იყოჩაღეს. ეს კვარტეტი E ჯგუფში ერთად მოხვდა.

F ჯგუფში ჩეხეთის და საქართველოს ნაკრებებს მეტოქეებად ტურნირის მასპინძელი ბოსნია-ჰერცეგოვინა (4 მოგება) და დანია (2 მოგება, 2 მარცხი) ეყოლებათ, ცუდი კი ის არის, რომ ქართველებს პირველ ეტაპზე ჩეხეთთან მარცხი გადაჰყვებათ, ამდენად, თავიდანვე მძიმე სიტუაციაში არიან.

ნახევარფინალში გასასვლელად, ჯგუფის ორ მოწინავე გუნდში მოხვედრაა საჭირო, A დივიზიონის საგზურებს კი 3 საუკეთესო ნაკრები მიიღებს. 14 აგვისტოს ქართველი კალათბურთელები ბოსნია-ჰერცეგოვინას ეთამაშებიან, 15-ში კი – დანიას.

0.12041