მოსკოვის დიდ სლემზე მეოთხედფინალები მიმდინარეობს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთაგან კი, ამ ეტაპამდე ვერავინ გააღწია. დღეს რუსულ ტატამზე ოთხი ქართველი გავიდა. ლევან ჟორჟოლიანი, ალექსანდრე მსხალაძე (ორივე 100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) ტურნირს თითო მოგებით დაემშვიდობნენ, ხოლო ნინო ოძელაშვილი (70 კგ) პირველსავე წრეში დამარცხდა.
ჟორჟოლიანი საქმეში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო. კამერუნელ ფრანკ მარტალ მუსიმა ევანეს ერთადერთი იუკოთი გასცდა, მერვედფინალში კი უზბეკ რამზიდინ საიდოვთან ვაზარით და იუკოთი წააგო. ასევე, მეორე წრით დაიწყო მსხალაძემაც - უზბეკი უტკურ კურბანოვი მეოთხე წუთის მიწურულს, იპონით ჩამოიშორა, ხოლო ეგვიპტელ რამადან დარვიშთან ვერაფერს გახდა.
ხანჯალიაშვილი შეჯიბრებას მსოფლიო რეიტინგსიის მესამეადგილოსან გერმანელთან, ანდრეას ტოლცერთან მარცხით დაემშვიდობა. იქამდე კი, ყირგიზ იური კრაკოვეცკის წუთნახევარში სძლია.
ოძელაშვილი საწყის ეტაპზევე მეორე ნომრად განთესილ სამხრეთკორეელ იე სულ ჰვანგს გადაეყარა და მტკივნეული ილეთით დამარცხდა.
ოთარ მაღლაკელიძე







