საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ვენის მსოფლიოს თასის პირველი დღე მედლის გარეშე ჩაამთავრა. გუშინ ავსტრიულ ტატამზე ჩემპიონ-პრიზიორები პირველ-სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, ამირან ტოტიკაშვილის თერთმეტეულიდან კი, კიმონო ხუთმა ძიუდოისტმა მოირგო. წინასწარი ეტაპის შეხვედრების ჩაჭიდავების შემდეგ, ტატამს მხოლოდ 60 კილოგრამში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილი შერჩა. ძირითადი ბადე მან პირდაპირ მე-2 წრით გახსნა და ზედიზედ 2 წმინდა გამარჯვებაც იზეიმა - შვედ ოლე სანდსტრიომს 51 წამში მოუმთავრა საქმე, იტალიელ ფაბრიციო პიატის - ორ წუთსა და 21 წამში, მეოთხედფინალში კი, ბრიტანელ ჯეიმს მილარს დაეჭიდა. ამ ბრძოლის ბედიც იპონმა გადაწყვიტა, მაგრამ მომგებიანი ილეთი მილარმა შეასრულა, სულ რაღაც 39 წამში.
ამირან პაპინაშვილი დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო და მონღოლ გამბატ ბოლდბაატარს წუთნახევარში მოუმთავრა საქმე. რეპეშაჟის ფინალში კი, იაპონელ დაიჩი იანოს 2 იუკოთი უგებდა და მედალი მე-4 წუთზე, იპონით დაკარგა.
60 კილოგრამში, ჩემპიონი მონღოლი დავაადორჟ ტუმურხულეგი გახდა. მან ოქროს გზაზე ლამის ყველა ფავორიტი ჩამოიშორა - მეოთხედფინალში ავსტრიელ ლუდვიგ პაიშერს იპონით გაუსწორდა, ნახევარფინალსა და ფინალში კი იაპონელები დაამარცხა. ქართული დროშის ქვეშ უმსუბუქეს წონაში მხოლოდ ერთი ძიუდოისტი გამოვიდა. დანარჩენ ორ წონაში კი, ორ-ორმა ქართველმა იჭიდავა.
66-ში, გიორგი ფერსაშვილმა და გიორგი შოშიაშვილმა პირველსავე შეხვედრებში დაკარგეს კვარცხლბეკზე ასვლის შანსი. ფერსაშვილმა ეგვიპტელ აჰმედ ავადთან 3 იუკოთი წააგო. შოშიაშვილი კი, ბრაზილიელმა ალექს სილვამ მტკივნეული ილეთით დაამარცხა.
73 კილოგრამში, დავით კობერიძე ტურნირში მე-2 წრიდან ჩაერთო და ყაზახი ნაურიზბეკ შილდებაევის ძლევის შემდეგ, მერვედფინალში კანადელ ნიკ ტრიტონს დაეჭიდა. რომ მოეგო, სულ ცოტა, დამამშვიდებელ ეტაპზე გადართვა გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ... შეხვედრის ბედი ტრიტონის მიერ შესრულებულმა ვაზარმა გადაწყვიტა და საბოლოოდ, კობერიძემ მე-9 ადგილი დაიკავა. ამავე წონაში, ანზორ ხმიადაშვილმა ბრაზილიელ მარსელო კონტინისთან მხოლოდ ორ წუთსა და 17 წამს გაძლო. ამ წონაში, ნახევარფინალში, მხოლოდ იაპონიის ნაკრების წევრები გავიდნენ, საბოლოოდ კი, კვარცხლბეკზე სამი მათგანი ავიდა.
დღეს მედლები 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს სახელით 81-ში ხვიჩა ხუციშვილი და დავით ჭაბუკაშვილი იჭიდავებენ, 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანი, 100-ში – ზურაბ ზვიადაური და დავით ლორიაშვილი, +100-ში კი ადამ ოქრუაშვილი.
ძიუდო. მსოფლიოს თასი
ვენა. 13 თებერვალი
60 კგ
1 დავაადორჟ ტუმურხულეგი (მონღოლეთი)
2 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია)
3 ლუდვიგ პაიშერი (ავსტრია)
3 დაიჩი იანო (იაპონია)
5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
66 კგ
1 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
2 მიარაგა სანიაასურენი (მონღოლეთი)
3 პიერ დუპრა (საფრენგეთი)
3 ტარიან კარიმოვი (აზერბაიჯანი)
17 გიორგი შოშიაშვილი (საქართველო)
17 გიორგი ფერსაშვილი (საქართველო)
73 კგ
1 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)
2 რიკი ნაკაია (იაპონია)
3 იუკი ნიშიამა (იაპონია)
3 რაშიტ კულბაიევი (ყაზახეთი)
9 დავით კობერიძე (საქართველო)
17 ანზორ ხმიადაშვილი (საქართველო)
ოთარ მაღლაკელიძე







