საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ავსტრიელი სპეციალისტის, პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილმა გუნდმა სტამბოლური ევროპირველობის დასკვნით დღეს, რეპეშაჟის ფინალში ესტონეთი 5:0 დაამარცხა.
გადამწყვეტ ორთაბრძოლამდე ქართველებმა 2 შეხვედრა ჩაატარეს. იმის გამო, რომ გუნდურ ჩათვლაში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ თორმეტმა ქვეყანამ გამოთქვა, 4 მათგანი წილისყრამ პირდაპირ მე-2 წრეში – მეოთხედფინალში განთესა. იღბლიანებში საქართველოს ნაკრებიც მოხვდა. მასთან ჭიდაობის უფლების მოსაპოვებლად კი ერთმანეთის პირისპირ გერმანია და მოლდოვა დადგნენ. გერმანელებმა იმარჯვეს.
ქართულ-გერმანული დაპირისპირება 3:2 დასრულდა, ზაიზენბახერის შეგირდების გამარჯვებით. გადამწყვეტი, მე-3 ქულა ნაკრებს ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.
ფინალში გადასასვლელ შეხვედრაშიც იგივე ანგარიში დაფიქსირდა, ოღონდ საქართველოს მოწინააღმდეგის, უკრაინის სასარგებოდ. მეორე ნახევარფინალში ფრანგებმა პოლონელებს სძლიეს.
ჩემპიონის ტიტული უკრაინამ მოიპოვა, რომელმაც ფინალში საფრანგეთი დაამარცხა. კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე კი ქართველებთან ერთად გერმანელები ავიდნენ - მათ პოლონელებს აჯობეს.
ოთარ მაღლაკელიძე







