საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ძიგორო კანოს სახელობის ტოკიოს დიდი სლემი წარუმატებლად დაიწყო. დღეს მედლები მამაკაცთა ორ უმსუბუქეს წონით კატეგორიაში თამაშდება. სოსო ლიპარტელიანის გუნდის წევრთაგან ტატამზე ბეთქილ შუკვანი (60 კგ) და შალვა ქარდავა (66 კგ) გავიდნენ და ორივე პირველსავე წრეში დამარცხდა.
შუკვანისთვის დაუძლეველი ბარიერი ამერიკელი ნიკოლას კოსორი აღმოჩნდა. ქართველმა მეტოქეს 2 იუკო აუღო, მაგრამ თავად ვაზარზე წამოეგო და ტურნირს გამოეთიშა. ქარდავამ კი იაპონელ იუნპეი მორიშიტასთან წუთსა და 26 წამში წააგო.
60 კილოგრამის ფინალში იაპონელები იჭიდავებენ. მასპინძლები 4 სპორტსმენით გამოდიან და ოთხივე ნახევარფინალშია. ტაკეში მაცუკი, რომელმაც პირველსავე წრეში, პირველ ნომრად განთესილი ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერი ჩამოიცილა, ტორუ შიშიმეს დაუპირისპირდება, ხოლო ჰიროფუმი იამამოტო – შინჯი კიდოს.
66-ში ნახევარფინალისტები ასე დაწყვილდნენ: ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი) – მუსა მოგუშკოვი (რუსეთი); მასაში ებინუმა (იაპონია) – მასააკი ფუკუოკა (იაპონია).
ოთარ მაღლაკელიძე







